თელავში ღვინის ფესტივალი ”თელავინო 2016” გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ”კახეთის მეღვინეთა გილდიაა”.
როგორც ”ფორტუნას” ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება იმართება რთველის მიწურულს და წარმოადგენს დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 100-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად.
”თელავინოს” სტუმრებს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სრულიად უფასოდ დააგემოვნოთ საუკეთესო ქართული ღვინო, შეიძინოთ ის ექსკლუზიურად დაბალ ფასად, მონაწილეობა მიიღოთ თემატური ნამუშევრების (ფოტო, მხატვრული, მინა, კერამიკა, ტექსტილი) გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში, დაათვალიეროთ თქვენთვის შექმნილი საშემოდგომო პავილიონები; დატკბეთ ეროვნული ფოლკლორის (სიმღერა, ცეკვა) და თანამედროვე მუსიკალური ნომრებით. ამასთან, ჩვენს პატარა სტუმრებს გაამხიარულებს ანიმატორთა გუნდი”, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.
მათივე ინფორმაციით, წელს ”თელავინო 2016” 30 სექტემბერს გაიმართება და ღონისძიების მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო.
ცნობისთვის, ”კახეთის მეღვინეთა გილდია”, აერთიანებს რეგიონის წარმატებულ ღვინის მარნებს და მიზნად ისახავს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ღვინის კულტურის, ქართული ტრადიციებისა და ისტორიული ფასეულობების გაცნობას, როგორც უცხოელი სტუმრების ასევე ქართული საზოგადოებისთვის.