Bb Company-ის ყავის საწარმო, რომელიც თბილისში აშენდა, ექსპლუატაციაში შესასვლელად ემზადება.
ქარხანაში უკვე დამონტაჟდა თანამედროვე მანქანა-დანადგარები, რომლებიც Bb Company-იმ იტალიური კომპანიისგან შეიძინა. შესაბამისად, ყავის საწარმო ამუშავებამდე ბოლო ეტაპს გადის.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ამირან გოგიტიძემ განუცხადა, ქარხანაში ჩამოსული იყო ყავის ევროპელი ტექნოლოგი, რომელმაც Bb Company-ის თანამშრომლები გადაამზადა და ყავის წარმოებაში კვალიფიკაცია აუმაღლა.
”საწყის ეტაპზე ვაპირებთ სამი სახის ყავის წარმოებას: დაბალი, საშუალო და მაღალი ხარისხის. ამასთან, ყავა იქნება სხვადასხვა შეფუთვაში. ზოგადად, ამ მიმართულებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. თავიდან კი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იქნება გათვლილი. ჩვენი ყავის რეალიზაცია დედაქალაქის მასშტაბით განხორციელდება, მალევე კი რეგიონებსაც ავითვისებთ”,- განმარტა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, ყავის ახალი ქარხანა პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში აშენდა და მასში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. გოგიტიძის თქმით, საწარმო დიღომში, ”გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა და მასში დამატებით 20 ახალი კადრი დასაქმდება.
ცნობისთვის, შპს Bb Company 2002 წელს დაარსდა და აქამდე მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას სხვადასხვა პროდუქტის იმპორტი წარმოადგენდა.