ბათუმში ანრი ჯოხაძის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გამართული ქართველი შემსრულებლების ღონისძიებებს შორის ნინო ქათამაძისა და ანრი ჯოხაძის კონცერტები ყველაზე გაყიდვადი და შემოსავლიანი აღმოჩნდა. როგორც ანრიმ თავად გვითხრა, მის კონცერტზე ბილეთები სრულად გაიყიდა, 4000-ზე მეტი და შუა კონცერტის შემდეგ ყველა მსურველისთვის კარი გახსნეს.
ანრი უკვე თბილისური კონცერტისთვის ემზადება, რომელიც დეკემბრის დასაწყისშია დაგეგმილი.
მომღერალი ბათუმური კონცერტისა და იმ პრობლემების შესახებ გვესაუბრა, რომლებიც ღონისძიების მზადებისას შეხვდა.
ანრი ჯოხაძე:
მართალია, ვაპირებ კონცერტის გაკეთებას დეკემბრის დასაწყისში თბილისში. იქნება განსხვავებული პროგრამა, რასაკვირველია, ქორეოგრაფია, რომელშიც პროფესიონალები: სალომე ჭაჭუა, რატი გაჩეჩილაძე და გიორგი ჩინჩალაძე ჩაერთვებიან, სოლოსიმღერებთან ერთად დუეტებიც…
მართალია, რომ შენს კონცერტზე „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ყველაზე მეტი ბილეთი გაიყიდა ქართველ შემსრულებლებს შორის?
ზუსტი მონაცემი არ მაქვს, მაგრამ ბოლოს რა რიცხვიც მითხრეს, 4000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. ასე ვთქვათ, sold out გახლდათ. ეს ამ პროექტის ფარგლებში მხოლოდ ორმა შემსრულებელმა მოახერხა, ნინო ქათამაძემ და მე. მიხარია, რომ ნინოს მერე მე ვიყავი ყველაზე გაყიდვადი.სხვათა შორის, კონცერტის შუაში კარი გავხსენით და ყველა მსურველი, ვისაც არ ჰქონდა დასწრების საშუალება, შემოვუშვით. ასე რომ, მათაც ჰქონდათ კონცერტის ნახვის საშუალება.
ბათუმურმა კონცერტმა ცხადყო, რომ თბილისშიც შეიძლება სოლოკონცერტის გამართვა. სეზონის ბოლოს რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო ჩემს კონცერტს… თუკი ამ შედარებით ქალაქში ამდენი ადამიანი მოვიდა, წარმომიდგენია, თბილისში რა მოთხოვნა იქნება. თანაც, ბევრი მწერდა, თბილისში როდის ჩაატარებ კონცერტსო. დიდი დაინტერესება ვიგრძენი. მეგობრები უკვე მეხუმრებიან, წინასწარ დაიბევე მეორე დღეს ფილარმონიაო, ფიქრობენ, რომ 2000-ზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება მსურველი. ასე რომ, შეიძლება, მეორე კონცერტიც დავამატოთ. ვნახოთ, როგორი მოთხოვნა იქნება ბილეთებზე.
ანრი, ბათუმში კონცერტის გასამართად ბინა ბანკში მართლა ჩადე?
(იცინის) ეს მართალია. ბოლო წუთს მივიღე უარი იმ ადამიანებისგან, ვინც ფინანსურ დახმარებას დამპირდა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ბოლო 10 დღე ხმას ვერ ვიღებდი… ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ მათზე მაქვს საუბარი, ამიტომაც არ ვაპირებ მათ დასახელებას, მაგრამ უკანასკნელ წუთს ხელოვანი ადამიანისთვის უარის თქმას, როცა შეპირებული ხარ, მე ღალატს დავარქმევდი. მერე იტყვიან, რატომ არის ანრი ჯოხაძე აგრესიული ვიღაც-ვიღაცების მიმართო… გეტყვით, რომ სპონსორებმაც და ასე ვთქვათ, შინაურმა სპონსორებმაც „გადამაგდეს“. თანაც, მე ლამაზი თვალების გამო არ ვთხოვდი მათ დახმარებას. მქონდა გაფორმებული ბარტერული ხელშეკრულება ტელეკომპანიასთან და მათ რეკლამას ვუკეთებდი. მქონდა სპონსორების იმედი, რა თქმა უნდა… როცა გავიგე, რომ არ მეხმარებოდნენ, გავუშვი ჩემი და ბანკში და ჩავდე ბინა… რამდენიმე ათასი მაკლდებოდა და ის თანხა გამოვიტანე.
ბინის გამოსყიდვა შეძელი?
შევძელი (იღიმის). მეტი გამოსავალი არ მქონდა და ასე იმიტომ მოვიქეცი. სახე ავიხიე, რომ ჩემი პირველი სოლოკონცერტი კარგი გამოსულიყო. თურმე, ესეთი დამოკიდებულებაც უნდა გამოსცადო ცხოვრებაში. ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ ყველაზე მეტად ვისგანაც ველოდებოდი დახმარებას, მათ გამომისტუმრეს უარით.
ნინო მურღულია