LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თუ ხარ თბილისის ძმობილი, ნუ ივლი ავტომობილით” – რა შედეგს მოიტანს ერთდღიანი აქცია დედაქალაქისთვის?

102

”თუ ხარ თბილისის ძმობილი, იარე ავტომობილით”, – ასე ეხმაურება საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე აქციას, რომელიც დღეს დედაქალაქში გაიმართება. ოგბაიძე  აქციას სახელწოდებით-  ”დღე მანქანის გარეშე” დადებითად აფასებს და ამბობს, რომ  ეს მსგავსი ღონისძიებები პირველ რიგში საზოგადოებას სჭირდება.

”ვერ ვიტყვი, რომ ერთჯერადი და ერთდღიანი აქცია, საცობების აღმოფხვრის, ან ჰაერის დაბინძურების კუთხით რაიმე კონკრეტულ შედეგს გამოიღებს  და პრობლემებს ერთი ხელის მოსმით გადაჭრის.  თუმცა, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ მსგავსი ღონისძიებები პირველ რიგში გვჭირდება ჩვენ. ადამიანები გამოვლენ დედაქალაქის ქუჩებში, ივლიან ფეხით და გარემოს ბევრად უკეთ აღიქვამენ ვიდრე ავტომობილიდან”, – აღნიშნა საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აქციის მიზანი პირველ რიგში არის ის, რომ საზოგადოებას შეახსენოს,  გადაადგილება საკუთარი ავტრომობილების გარდა, სხვა გზითაც შეიძლება. ამასთან, ეს ყოველივე ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს.   როგორც შალვა ოგბაიძე ამბობს, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, ხალხმა უნდა ისწავლოს ავტომობილის სახლში დატოვება და  გადაადგილებისთვის  სხვა საშუალებების მოძებნა. საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ერთ-ერთ უსაფრთხო ტრანსპორტად ელექტომობილს ასახელებს.

შეგახსენებთ, „დღე მანქანის გარეშე“ – ს ფარგლებში  თბილისი დღეს მსოფლიოს მრავალი ქალაქის აქციას პირველად უერთდება. დატოვეთ საკუთარი ავტომობილები სახლში ერთი დღით, იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა ხელი შეუწყოთ დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნას – სწორედ ეს არის აქცია მთავარი გზავნილი, რომელიც, მრავალი წელია, მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში იმართება.

აქციის ორგანიზატორი არსამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძეა. როგორც მან რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, აქციის  ინიციატივა ეკუთვნის მას, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, რომელიც დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნით არის დაინტერესებული.

„ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას  3–ჯერ აღემატება. ქალაქში ცხოვრება არაკომფორტული ხდება არა მხოლოდ  საცობების, ხმაურის, განუწყვეტელი სიგნალის, მწვანე საფარის ნაკლებობის გამო, არმედ უკვე  საშიში ხდება ჯანმრთელობისთვის“ – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ლევან ცუცქირიძემ და მოუწოდა თანამოქალაქეებს, შეუერთდნენ ამ ინიციატივას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები