LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ უსმენს მოქალაქეების სატელეფონო საუბრებს?

88

ფარული მიყურადებისა და თვალთვალის პრობლემა საქართველოში მოგვარებული არ არის, ამის შესახებ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა, განაცხადა. ის გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის საუბარია აღბეჭდილი.

”პირველ რიგში, აუცილებელია, რომ მსგავს ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება, გამოვლინდნენ ის ადამიანები, რომლებიც იწერენ და ინახავენ, ხოლო შემდგომ ავრცელებენ ჩანაწერებს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირება პრობლემას ვერ მოაგვარებს და აუცილებელია სისტემური ხარვეზების აღმოფხვრა” – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

სისტემურ ხარვეზად სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობები რჩება ხელისუფლებას. ზვიად დევდარიანის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს მიმართეს, თუმცა ამ მოწვევის პარლამენტში წინადადების ინიცირებაც ვერ მოხერხდა.

”თუ ფარულ ჩანაწერებს სახელმწიფო იღებს და ავრცელებს, ის წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან და, ასევე, ლახავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს. ხოლო თუ სახელმწიფო არ აკეთებს ამას და გარკვეული ჯგუფები მონაწილეობენ ამ საქმეში, მაიცნ პრობლემაა, ვინაიდან მთავრობის უსუსურობაზე მიუთითებს, თუ ის ვერ ახერხებს მსგავსი ფაქტების აღკვეთას” – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

მისი აზრით, ხელისუფლებამ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის პრობლემის მოსაგვარებლად ეფექტიანი ნაბიჯები არ გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი ა დაკავებული და მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ზვიად დევდარიანი ამბობს, ნაბიჯები რომ არ არის ეფექტიანი, ამაზე დღეს გავრცელებული ჩანაწერიც მეტყველებს, ვინაიდან გამოდის, რომ მოქალაქეებს დღესაც ვიღაც უსმენს და უთვალთვალებს.