საქართველო ”ჰაიდელბერგცემენტისა” და დოკას მე-4 საერთაშორისო ხარისხის კონფერენციას მასპინძლობს.
როგორც ”ფორტუნას” ”ჰაიდელბერგცემენტიდან” აცნობეს, კონფერენციის ძირითადი თემაა თანამედროვე გადაწყვეტილებები სამოქალაქო და ბინათმშენებლობაში. ერთობლივი ღონისძიების მიზანია, ”ჰაიდელბერგცემენტის” და Doka-ს მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე , მსოფლიო მასშტაბით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და ინოვაციების შეთავაზება.
”ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის” გენერალური დირექტორი, მიხაელ ჰამპელი კონფერენციაზე კომპანიის სამომავლო გეგმებისა და ინვესტიციების შესახებ ისაუბრებს. ”კოლიერს ჯორჯია” წარმოადგენს მოკლე მიმოხილვას თბილისის უძრავი ქონების ბაზრის კვლევაზე. მსოფლიო დონის სამშენებლო საყალიბე სისტემების ექსპერტი კომპანია Doka-ს ავსტრიიდან საგანგებოდ მოწვეული ინჟინერი, ვერნერ ვანიგქოფერი კი ისაუბრებს თანამედროვე საყალიბე სისტემების ეფექტურობაზე. პრეზენტაციას ქვეყნის სამომავლო საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინვესტიციების განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, თამარ ლილუაშვილი . თბილისის გენერალურ გეგმაზე მოკლე მიმოხილვას გააკეთებს თბილისის მერიის კონსორციუმის უფროსი, მერაბ ბოლქვაძე.
კომპანიის ინფორმაციით, კონფერენციის პარალელურად გაიმართება სამშენებლო მასალების გამოფენა,სადაც წარმოდგენილი იქნება სამშენებლო ბაზარზე არსებული წამყვანი კომპანიების, მათ შორის : Henkeli, ბედეგი, დიო, Bauer Georgia, Dmark, ჯეორენტ, Inn Design-ის პროდუქცია, რაც სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ კომპანიების სიახლეებს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია.
კონფერენციას დაესწრებიან წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების 200-მდე წარმომადგენელი, სამშენებლო მასალებისა და ტექონლოგიური სექტორის სპეციალისტები, ინჟინრები, საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წევრები.