LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურის ფასმა ისტორიულ ინდექსს მიაღწია

176
hachapuri-4

2019 წლის ოქტომბერში ხაჭაპურის ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ISET-ის კვლევითი ცენტრი ავრცელებს. ხაჭაპურის ინდექსის ბოლოდროინდელი დინამიკა, კვლევის მიხედვით,  შესაბამისობაშია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის დონესთან, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში 6,4%-ით გაიზარდა.

„2019 წლის სექტემბერში, ინფლაცია, ძირითადად, გამოწვეული იყო ფასების ზრდით ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა საკვები და უალკოჰოლო სასმელები, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო,  ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, დასვენება, გართობა და კულტურა“, – ნათქვამია კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

როგორც კვლევა მოწმობს, ინდექსის აღმავალი ტრენდი ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში დაიწყო, ოქტომბერში კი მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ამ თვეში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 3,90 ლარს მიაღწია, რაც 6,6%-ით მეტია წინა თვესთან  და 8.6%-ით მეტია წინა წლის  მაჩვენებელთან შედარებით.

„წლიურ ინფლაციაზე იმოქმედა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტმა. ყველის ფასი 12,5%-ით, გაიზარდა, ხორბლის – 6,6%-ით, კარაქის, კვერცხისა და რძის – 3,4%-ით, საფუარის – 0,1%-ით. ზოგადად, წლის ამ პერიოდში ზრდის ტენდენციას ნედლი რძის სეზონური შემცირება იწვევს, რასაც შედეგად ხაჭაპურის ინდექსის ზრდა მოყვება“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

მასალაში, რომელიც ISET- მა გამოაქვეყნა, საუბარია ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზეც.

„2019 წლის ოქტომბერში ლარსა და აშშ დოლარს შორის გაცვლითმა კურსმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და საშუალო თვიურმა მაჩვენებელმა 2,97 შეადგინა. საქართველოში მოხმარებული სურსათის ნახევარზე მეტი იმპორტირებულია, ლარის გაუფასურებამ კი გავლენა მოახდინა იმპორტირებული საქონლის ფასებზე. ქართული ლარის გაუფასურებამ ხაჭაპურის იმპორტირებული ინგრედიენტების ფასებზეც იმოქმედა, რომლებიც იმპორტირებული რძის ფხვნილით (ნედლი რძის შემცვლელით) იწარმოება, ასევე კარაქსა და ხორბალზე“, – წერია ანგარიშში.

 

ქართული ხაჭაპურის ინდექსის ისტორიულ მაქსიმუმს ეხმაურება რუსული გამოცემა „იზვესტია”. სტატიაში ნათქვამია, რომ ქართული ხაჭაპურის ცხობის და გაყიდვის ფასი გაუტოლდა „ბიგ-მაკის“ გასაყიდი ფასის ნიშნულს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ამ უკანასკნელის მომზადების და გასაყიდი ფასის მაჩვენებელი ყველგან ერთნაირია, ხაჭაპურთან მიმართებაში ეს არ ექვემდებარება აღნიშნულ ნორმებს.

სტატიის ავტორი, ქართული ეროვნული საკვების გასაყიდი ფასის ზრდას, ქართული ვალუტის, ლარის გაუფასურებით ხსნის. აქვეა განმარტებული, რომ ლარის გაუფასურებამ გამოიწვია იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა, რასაც შიდა პროდუქტზე ღირებულების გაზრდაც მოჰყვა.
რუსული გამოცემა, ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებაც წერს და განმარტავს, რომ ბოლო თვის განმავლობაში ლარი 12%-ით გაუფასურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები