LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისმა რუსეთს სტრასბურგში უნდა უჩივლოს” – EMC

74
sasamrtlo

პრობლემები საოკუპაციო ხაზთან, მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვა და პოლიტიკური სპეკულაციები – არასამთავრობო ორგანიზაცია EMC თვლის, რომ  ოკუპირებულ ახალგორის რაიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, მთავრობამ უნდა მოითხოვოს დროებითი ღონისძიების  მექანიზმის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ  თბილისმა რუსეთს სტრასბურგში უნდა უჩივლოს.

EMC-მ განცხადება გაავრცელა ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ ფაქტისა და იმ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ მდგომარეობის გამო, რომელშიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი ადამიანები ბოლო თვეებია ცხოვრობენ.

„საოკუპაციო ხაზს მიღმა მოსახლეობის იზოლაცია და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ერთგვარ პოლიტიკურ ბერკეტად იქცა, რომელსაც  de facto რეჟიმები პერიოდულად იყენებენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან გავლენების მოსაპოვებლად, ან პოლიტიკური სპეკულირებისთვის. მსგავსი შეზღუდვების გამოყენება კი უპირველეს ყოვლისა ადგილობრივ მოსახლეობას აწვება მძიმე ტვირთად. გამშვები პუნქტების თვითნებური ჩაკეტვების პრაქტიკა არაერთ კრიტიკულ პრობლემას იწვევს, მათ შორის, ზღუდავს წვდომას საბაზისო საჭიროებებზე და სერვისებზე, როგორიც არის მედიკამენტები, საკვები რესურსები, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სოციალური დახმარების სერვისები, მათ შორის პენსიები, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში შემოსვლის და არსებობის ერთადერთი წყაროა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

დე ფატქო ხელისუფლება ამბობს, რომ გამშვები პუნქტების მუშაობა ვითარების დასტაბილურების შემდეგ იგეგმება

პრობლემები იქმნება განათლებაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა, გადაადგილების თვითნებური შეზღუდვა აბრკოლებს ოჯახურ ურთიერთობებს და კავშირებს. საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი მოსახლეობა ექცევა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში, ამასთანავე, ამგვარი პრაქტიკით de facto ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმიდან ინფორმაციის გამოტანის შეზღუდვასაც ცდილობს”, – წერია განცხადებაში. 

მათივე ცნობით, ცხინვალის მიერ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვების გამო, თბილისის კონტროლირებად ტეროტორიაზე ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი ვერ გადმოიყვანეს ვერც ერგნეთიდან და ვერც ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტიდან. პაციენტი სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დროულად ვერ აღმოუჩინეს და ის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.