„ხერხი, რომ ღონეს ჯობია“ – ყველამ ვიცით, მაგრამ ეს გამონათქვამი ხარაგაულში პირდაპირი მნიშვნელობით რომ გამოიყენეს, ეს არ გეცოდინებათ. ზედმეტი ჯაფა რომ არ დაეხარჯა და შრომაც ნაკლები ქონოდა, ხარაგაულის რაიონის ერთმა მკვიდრმა სახერხი დაზგა ერთ კონკრეტულ ადგილას კი არ დაამონტაჟა, არამედ ბორბლებზე დააყენა, საკუთარ ტრაქტორს მიაბა და გადაადგილებაც გაიიოლა. მთავარი აზრი აღნიშნულ ფაქტში არის ის, რომ უკანონო ხის საჭრელი დანადგარის აღმოჩენის შემთხვევაში მას ჯარიმა ეკუთვნოდა, ერთი ადგილიდან მეორე ლოკაციაზე სწრაფად გადასვლის შემთხვევაში კი სავარაუდოდ კვალს ადვილად დაფარავდა.
სოფელ წაქვას მკვიდრს, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, იმავე სოფლის ტყეში მიაგნეს, სადაც ამჟამად იყო სამუშაოდ გამზადებული.
დანადგარების დალუქვა ადგილზევე მოხდა. დაილუქა ასევე ტრაქტორიც. საქმე კი რეგიონის საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა. დანადგარის მფლობელის ჯარიმასა და ბრალდებაზე გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტყის ფონდში, უკანონო სახერხი დანადგარი იმავე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული წაბლის სახეობის 5 ერთეული მორია აღმოჩენილი.
რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წელს სულ 76 უკანონო სახერხი გამოავლინეს.