ქალაქ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე “ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმო გაიხსნა. „ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. საქართველოში „ზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ჰყავს 200-მდე ადამიანი და ყოველდღიურად საშუალოდ 350 მომხმარებელს ემსახურება.
„ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პროდუქტის წარმოება. საქართველოში ნამდვილად გვაქვს პოტენციალი იმისა, რომ წარმოება განვითარდეს, ქართული პროდუქტით გავუწიოთ კონკურენცია იმპორტირებულ პროდუქციას, უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, შემცირდეს იმპორტი და გაიზარდოს ექსპორტი. ეს ბუნებრივია ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით გავლენას მოახდენს“ – აღნიშნა „ზოდი“-ს დამფუძნებელმა ზაურ გაბაიძემ.
„ზოდი“-მ 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქართული ბუნებრივი ქვების (გრანიტი, ტუფი, ბაზალტი, კირქვა) საწარმოს გახსნის იდეის განხორცილება, რომელიც 2019 წელს დაასრულა. „ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმოში იწარმოება მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის ქართული ქვები. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 000 000 ლარია, რომლიდანაც 2 023 615 ლარი დაფინანსებულია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. საწარმო, რომელიც 9200 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული აღჭურვილია იტალიური, თურქული და ჩინური თანამედროვე დანადგარებით, მისი წლიური წარმადობა 50 000 მ2ია. საწარმოში 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 20 ადამიანია დასაქმებული, მათი რაოდენობა წლის ბოლომდე 28-მდე გაიზრდება.