ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ოქროს მედლისთვის 170 000 ლარით დაჯილდოვდება. ამას საქართველოს მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს. ამავე დადგენილების მიხედვით, ვერცხლის მედალოსანი 102 000 ლარს მიიღებს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი – 68 000 ლარს.
ქართველმა სპორტსმენებმა 2016 წელს ნაჩვენები შედეგების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მიხედვით სოლიდური პრემიალური თანხები (ჯამში 3 800 000 ლარი) ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მიიღეს.
ამ დროისთვის, რიოს მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა ასეთი შედეგი აჩვენეს: ოქრო – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ვერცხლი – ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), ბრინჯაო – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა).
გარდა ამისა, კომპანია ”სვეტისგან” ლაშა ტალახაძეს, ირაკლი თურმანიძესა და შმაგი ბოლქვაძეს საჩუქრად ბათუმში ბინა გადაეცათ. ტალახაძეს აღნიშნული საჩუქარი ოქროს მოპოვების შემდეგ გადაეცა, თურმანიძეს და ბოლქვაძეს კი ოლიმპიადამდე, როგორც აჭარელ ლიცენზიანტებს.