არჩევნების მოახლოება საქართველოში ნიშნავს დაპირებების ჩამონათვალის განახლებულ ვარიანტს. ზოგჯერ სიახლეებსაც ვნახულობთ, მაგრამ ძველი და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პრიორიტეტი მაინც უფრო ეფექტური თემაა. მაგალითად, აზარტული თამაშები და მათი გავლენა. აღნიშნული პრობლემა თითქმის ყოველ არჩევნებზე აქტუალურია, თუმცა შედეგი მაინც არადამაკმაყოფილებელია.
აზარტულ თამაშებთან ბრძოლა პარტია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 2012 წელს ამბობდა, რომ მისი კოალიციის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში სათამაშო დაწესებულებები დაიხურებოდა.
2013 წელს ახალშექმნილი მთავრობა დაპირების შესრულებას შეუდგა. საკითხის შესასწავლად სპეციალური ჯგუფის შექმნაზე მსჯელობდნენ, რომლის შემადგენლობაში უნდა შესულიყვნენ დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესმენები.
გადაწყვეტილება მიიღეს, რომ უნდა აკრძალულიყო აზარტული თამაშების რეკლამაც. მაშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად იკრძალება კაზინოს, ტოტალიზატორისა და სლოტ კლუბის რეკლამირება, როგორც მასმედიის საშუალებით, ისე ქუჩასა და ინტერნეტში.
აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, პარლამენტის დეპუტატი კობა დავითშვილი იყო, რომელიც ამბობდა, რომ საინიციატივო კანონპროექტი კრძალავს რეკლამას ყველა აზარტულ თამაშზე, ლატარიისა და წამახალისებელი გათამეშებების გარდა. აზარტული თამაშები მხოლოდ უბრალო ბიზნესი არ არის. ეს დაავადებაა, რომლითაც ხალხის ნაწილი ავადდება. მიმაჩნია, რომ ფულის გაკეთება ამ დაავადების ხარჯზე უნდა აიკრძალოს, ხოლო ამ აკრძალვის დამრღვევი – დაისაჯოს.“
2019 წელსაც ეს თემა არ კარგავს აქტუალობას. სექტემბერში დაფუძნდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „არ ითამაშო“. “ფორტუნამ” მოძრაობის დამფუძნებელ ზურაბ მორჩიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ის პოლიტიკურ პარტიებს და სხვა დანარჩენ მოძრაობებს მოუწოდებს ნუ მოახდენენ თემით წინასაარჩენოდ მანიპულირებას. მისივე განმარტებით, პრობლემას, რომელიც თავად 18 წელი ქონდა, უკეთესად იცნობს და ქვეყანაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების თანადგომას ითხოვს.
„ჩვენ ვიცით როდის რამ გვიბიძგა რომ გვეთამაშა, რომელმა სმს-მა თუ მანქანაში ნაპოვნმა სანთებელამ კაზინოს წარწერით. ვიცით, თუმცა არავინ გვისმენდა და არც არავინ გვისმენს, რადგან ლამაზად ვერ გვაცვია, ინგლისურად ვერ ვსაუბრობთ და კანონებში ვერ ვერკვევით. მაგრამ განა თქვენ ჩვენზე მეტად გტკივათ ამ საკითხის ? განა თქვენ იცით რამდენი ცრემლი დავღვარეთ ჩვენ და ჩვენმა დედებმა? თქვენმა მიდგომამ ჩვენსადმი – “თუ არ გინდა ნუ შეხვალ და ნუ ითამაშებ – შედეგი ვერაფერი მოგვცა“, – ამბობს ზურაბ მორჩიაშვილი.
მოძრაობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამი ხელისულების საარჩევნო დაპირება მოუსმენია, მაგრამ შედეგს ვერ ხედავს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი თანამოაზრეებთან ერთად შეექმნათ „არ ითამაშო“. მათი უახლოესი სამომავლო გეგმა ინფორმაციული ხასიათის აქციებია.
„ყველას ვაფრთხილებთ! არავის მივცემთ უფლებას ამ თემით მანიპულირების, არც ფულის შოვნის და არც წინასაარჩევნო პლუსების ჩაწერის! თუ რეალურად გტკივათ ამ პრობლემის დღეს თქვენ უნდა მოდიოდეთ ჩვენთან, თქვენ უნდა გვიცნობდეთ და უნდა გვეკითხებოდეთ თუ რამ გვიბიძგა, რომ სიცოცხლე აზარტულ თამაშებს შევწირეთ“, – აღნიშნავს მორჩიაშვილი.
ახალ მოძრაობას აფუძნებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე და აცხადებს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების პრობლემა იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც მოძრაობა აქტივობებს პირველ ეტაპზე დაგეგმავს. დოლიძე პარლამენტის სამ კომიტეტსაც მიმართავს და მათგან უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვს.
“ჩვენ ვაერთიანებთ ძალას აზარტული თამაშების წინააღმდეგ და ვაცხადებთ კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ყველას და ვიცი, რომ ბევრი ადამიანია ამ თემით დაინტერესებული შემოგვიერთდეს,” – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ანა დოლიძემ.
ახალ სახალხო მოძრაობას რამდენიმე ორგანიზაცია და ფიზიკური პირი შეუერთდა.