ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში დარიშხანის შემცველი სამთო ნარჩენების მართვის პროექტი მიმდინარეობს.
როგორც “ფორტუნას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი სამინისტროსა და ნიდერნალდების ეკონომიკურ საქმეთა სამინისტროს სუბსიდიარ RVO.NL-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის „დარიშხანის შემცველი სამთო ნარჩენების მართვა საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს.
ქართულ-ჰოლანდიური პროექტი ორმხრივი თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დარიშხანის გადამამუშავებელი ყოფილი კომბინატის ტერიტორიაზე არსებული დარიშხანშემცველი საშიში სამრეწველო ნარჩენების გაუვნებელყოფლის პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოების შესრულება.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ადგილზე რვა ძლიერდაბინძურებული მონოლითური შენობების დემონტაჟი განხორციელდა, მოეწყო ორი ახალი და შეკეთდა ერთი ძველი სარკოფაგი, სადაც დარიშხანით დაბინძურებული საშიში სამრეწველო ნარჩენებია განთავსებული.
სამუშაოებს ადგილობრივი კონტრაქტორი შპს „რაჭა-2005“ ახორციელებს, სადაც ადგილობრივი მოსახელობაა დასაქმებული.
პროექტის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვლი.