LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი მიროტაძე:”ეროვნული ფორუმის” ნაძალადევის ოფისიდან საარჩევნო ინფორმაციაა გატანილი

97

”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის, ანი მიროტაძის ინფორმაციით, პარტიის ნაძალადევის ოფისის გაძარცვის შედეგად აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ინფორმაციაა გატანილი.

როგორც მიროტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოფისის დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ წაღებულია და კომპიუტერებიდან წაშლილია საარჩევნო მასალები, მათ შორის პარტიის კოორდინატორების, აგიტატორებისა და აქტივისტების შესახებ ინფორმაცია.

”ჩვენ ვერ ვთქვით ვერაფერი ოფისის გაქურდვასთან დაკავშირებით, ვიდრე არ გვექნებოდა პირველადი ინფორმაცია, რეალურად რას უკავშირდებოდა ეს. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი თუ პოლიტიკური პარტიის ოფისში განხორციელებული, რაღაც გამიზნული ქმედება. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავათვალიერეთ ოფისი, ვნახეთ, რომ წაღებულია სრული სარჩევნო ინფორმაცია, ანუ ყველაფერი რაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში გვქოდა, დაწყებული ჩვენი კოორდინატორებით, აგიტატორებით, შტაბისთვის საჭირო ინფორმაციით და ა.შ.”, – განაცხადა მიროტაძემ.

მისივე თქმით, ინფორმაციები, რომელიც ნაძალადევის ოფისიდანაა გატანილი, კონკრეტული პირების სახელებსა და გვარებს მოიცავს და როგორც მიროტაძემ აღნიშნა, თუკი მათზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდება, ეს ფაქტები აუცილებლად გახდება საჯარო.

”ინფორმაციები, რომელიც გატანილია ოფისიდან, მხოლოდ სამუშაო ინფორმაცია არაა. იქ არის კონკრეტული სახელი და გვარები ჩვენი კოორდინატორების, აქტივისტების და ადამიანების, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად მუშაობენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ადამიანებზე არ განხორციელდება რაიმე ტიპის ზეწოლა და ეს ინფორმაცია, მათზე ზეწოლისთვის არ დასჭირდათ. ასევე მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, თუ რაიმე მსგავს მცდელობასთან გვაქვს საქმე, ხელი აიღონ ასეთი ტიპის მცდელობისგან, ვინაიდან არცერთი ასეთი ფაქტი ჩვენი მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება. მე გამიჭირდება იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლების ინტერესებში შედის და აქ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან ჩართულები, მაგრამ არცერთი კითხვის ნიშანი რომ არ დარჩეს, მე მჭირდება სრული გარანტია, რომ არცერთ ამ ადამიანზე არ განხორციელდება ზეწოლა”, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები