„თვითმკვლელთა რაზმი“, რომელსაც მსოფლიოს კომიქსების მოყვარული საზოგადოება ელოდა, უკვე ქართულ კინოთეატრებშიც გამოვიდა. გუშინ, 4 აგვისტოს, პრემიერა შედგა. კინოთეატრებში ხალხმრავლობა იყო, ვინაიდან ყველას უნდოდა პირველ რიგში იმის ნახვა, როგორ შეასრულა ჯარედ ლეტომ ჯოკერის როლი.
ფილმს იმდენად კარგი სარეკლამო კამპანია ჰქონდა, რომ საკმაოდ დიდი მოლოდინები შექმნა. თუკი კინოში გასართობად მიდიხართ, ამ ფილმით ისიამოვნებთ, ვინაიდან ჰოლივუდური სტანდარტული იუმორი ღიმილს მოგგვრით, ნახავთ კარგ სამსახიობო ანსამბლს, არცთუ კარგ რეჟისურას და ცოტა სუსტ დრამატურგიას, რომელსაც უფრო კარგი განვითარება ვერც ექნებოდა ასეთი სცენარის პირობებში.
სუპერბოროტმოქმედების რაზმს მთავრობა იმისთვის შეკრავს, რომ უფრო დიდ ბოროტებას ებრძოლოს. სუპერმენი მკვდარია, ბეტმენი ჯერ კიდევ არენაზეა და ცოტა გაუგებარია, რაში სჭირდება სახელმწიფო სტრუქტურას ვილანების დახმარება, რომლებიც ყველაზე მკაცრ ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, თუმცა ეს არ არის სცენარის ერთადერთი ჩავარდნა.
რეჟისორ დევიდ ეიერის მთავარი ჩავარდნაა ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბოროტმოქმედის, ჯოკერის როლზე კინოს ღმერთებმა თავისი თაობის ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი მსახიობი, ჯარედ ლეტო უბოძეს, მან კი ის საერთოდ ვერ გამოიყენა. ჯარედ ლეტო ამ როლით ნამდვილად იქნებოდა შეპყრობილი, ვინაიდან ჯეკ ნიკოლსონისა და მით უმეტეს, ჰიტ ლეჯერის ბრწყინვალე შესრულებების შემდეგ, ამ მხრივ თავის გამოჩენას მთავარ მიზნად დაისახავდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლო. ჯოკერი ამ ფილმში იმდენად მესამეხარისხოვანი პერსონაჟია, რომ სიცილის მეტს მისგან ვერაფერს გაიგებთ. არადა, ყველასთვის ცხადია, რომ ჯარედ ლეტოს ჯოკერს ჰქონდა იმის პოტენციალი, რომ სრულიად ახალი სახე შეექმნა ამ პერსონაჟის საკმაოდ დიდ ისტორიაში.
რაც შეეხება სხვა პერსონაჟებს, ყველაზე კარგია მარგო რობი, რომელიც შეშლილი ექიმის, ჰარლი ქუინის როლს განასახიერებს. მისი სხეული მთელი ფილმის განმავლობაში დაიპყრობს თქვენს ყურადღებას და იუმორისტული რეპლიკებით ყველაზე მეტად სწორედ ქუინის პერსონაჟი ახალისებს „თვითმკვლელთა რაზმს“. უილს სმიტის დედშოთიც არ არის ურიგო პერსონაჟი და შეიძლება ითქვას, ყველაზე რეალისტურია. უბრალოდ, არაფრის მაქნისია და მეტიც, სამსახიობო ოსტატობასთან ახლოსაც არ ჩაუვლია (პოდიუმისგან განსხვავებით), კარა დელავინს, რომლის პლასტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ჯადოქრის როლს არაფრით არ ერგება.
ერთ-ერთი ღირსება, რაც ამ ფილმს გააჩნია, მისი მუსიკალური მხარეა. საუნდთრექები იმდენად ზუსტადაა შერჩეული და მორგებული თითოეულ პერსონაჟსა თუ სცენას, რომ ცოტა მიუზიკლსაც კი წააგავს. ფილმის დასრულების შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ „იუთუბზე“ ბორიალი შესაბამისი სიმღერების თავიდან მოსასმენად.
მთლიანობაში „თვითმკვლელთა რაზმი“ კარგი გასართობი ფილმია, რომელზეც დროის გასატარებლად წასვლას ნამდვილად არ ინანებთ, თუმცა მას ის პრეტენზია ვერ ექნება, როგორიც ქრისტოფერ ნოლანის ტრილოგიას ჰქონდა „ბეტმენის“ შესახებ.
ნინო მურღულია