LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისში სატრანსპორტო საშუალებები 7%-ით გაძვირდა

90

2016 წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,2 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 1,5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 15,7 პროცენტით გაიზარდა.

როგორც საქსტატში განმარტავენ, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,16 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (7,0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე (1,9 პროცენტი);

ფასების 0,4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც -0,11 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12,7 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-9,2 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 13,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,80 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (20,5 პროცენტი), ისე ალკოჰოლური სასმელების (7,1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,1-პროცენტიანი მატება. შესაბამისად, აღნიშნული ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (9,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 4,1 პროცენტით, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,40 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ფასების მატება დაფიქსირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (8,7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (2,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ფასების 8,6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -1,04 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-14,2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-12,0 პროცენტი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები