LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

144
policeline

ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, მუშა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები აქვეყნებს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 41 წლის მამაკაცი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. მას სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის – ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი “საქართველოს რკინიგზას” მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უკვე წლებია ქვეყანაში მოქმედ ყველა სტანდარტს არღვევს.

“რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სპეციალისტების წინასწარი მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეულია სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა და სტანდარტები.

ჩინეთის რკინიგზის 23_ე ბიუროს ადმინისტრაციის მხრიდან, ამ დრომდე არ არის შესრულებული წლების განმავლობაში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ, შრომის უსაფრთხოების კუთხით გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს უქმნის.

ამ დრომდე, სასამართლოს წარმოებაშია ორი მუშის საქმე, რომელიც აღნიშნულ გვირაბში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად დასახიჩრდნენ. მათ სამართლებრივ ინტერესებს, სამივე ინსტანციის სასამართლოში, პროფკავშირი წარმოადგენს!

კომპანიის მხრიდან ასევე იგნორირებულია სხვადასხვა პერიოდში გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, არ სრულდება შრომის ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაციებიც, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, ადგილზე დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე, დღემდე რისკის ქვეშაა!

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს რკინიგზას, როგორც დამკვეთ ორგანიზაციას, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უკვე წლებია დემონსტრაციულად არღვევს ქვეყანაში მოქმედ ყველა სტანდარტს და რეალურ საფრთხეს უქმნის რკინიგზელების სიცოცხლეს!

პროფკავშირი ასევე მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და კომპანია დაისაჯოს უმკაცრესად!” – ნათქვამია განცხადებაში.