LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგის რაიონში 600 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

79

ყაზბეგის რაიონში 600 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოდან აცნობეს, შპს „ბარაკონი“ სახელმწიფო პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში სასტუმროს ააშენებს.

”ახალი სასტუმრო ყაზბეგის რაიონის სოფელ გუდაურში გაიხსნება. კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის მთავარი მიზანია, ფასდაკლებების სისტემითა და სეზონური ღონისძიებებით მოიზიდოს სასურველი მომხმარებლები, შექმნას სასიამოვნო გარემო  და შეინარჩუნოს ერთგული მომხმარებლები”, – აცხადებენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, შპს ”ბარაკონი” ახალი კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“  ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 600,000 აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროში, რომელიც 2016 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება, 13 ადამიანი დასაქმდება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების  კომპონენტში ჩართული ბენეფიციარების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ახალ პროგრამას ამოქმედებიდან სულ მცირე პერიოდში  უკვე 6 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებენ.

2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა¬ძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.