ბრიუსელის ხელისუფლებამ ჰაერში მავნე გამონაბოლქვის შემცირება გადაწყვიტა და დასახმარებლად მოსახლეობას მიმართა. თუკი სამსახურში წასასვლელად ან სახლში დასაბრუნებლად საკუთარი ავტომობილის ნაცვლად თანამშრომლის ან მეგობრის მანქანას გამოიყენებენ ამით გარემოს ძალიან დიდ შეღავათს გაუწევენ. გარდა ამისა, გადატვირთული მოძრაობა და მუდმივი საცობები ქვეყნის ეკონომიკას ყოველწლიურად მილიარდობით ევროც უჯდება.
ამ ციფრებს ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც საცობში გატარებული დროის მაჩვენებლით ბრიუსელი ევროპულ ქალაქებს შორის ერთ-ერთი ლიდერია.
ბუნებრივია, გადატვირთული მოძრაობა ჰაერის ხარისხზეც აისახება, რაც მომავალში უამრავი დაავადების წარმოქმნის მიზეზი ხდება.
სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ შექმნა ახალი პროგრამა „წაიყვანე“ რომელიც ადგილობრივებს მგზავრობის გაზიარების საშუალებას მისცემს. აპლიკაცია ორივე მხარისთვის ერთნაირად სასარგებლო იქნება, მგზავრიცა და მძღოლიც შეძლებენ რომ ხარჯების განაწილებით იმგზავრონ.