ოჯახური პრობლემები და განქორწინებები თავიდან რომ იყოს აცილებული, წყვილი სერიოზულად უნდა მოეკიდოს გადაწყვეტილებას ოჯახის შექმნის შესახებ – გაერკვეს რა ამოძრავებს, რამ იმოქმედა მათ გადაწყვეტილებაზე შეექმნათ ოჯახი. იგულისხმება მოტივაცია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც დესტრუქციული, ასევე კონსტრუქციული. ქორწინება, როგორც მცდელობა პრობლემებისაგან გაქცევის (ფინანსური, ემოციური), მშობლებისათვის იმის დამტკიცება, რომ უკვე დიდი ხარ, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება “დროა გათხოვების“, ფეხმძიმობის გამოყენება (პარტნიორის შესანარჩუნებლად), ქორწინება, როგორც საშუალება მარტოობის დაძლევის – ეს ის მოტივაციებია, რომლებიც მეუღლეთა შორის ჰარმონიული ურთიერთობების აწყობას ხელს ვერ შეუწყობს.
საიდუმლო არავისთვისაა, რომ იდეალურ ოჯახზე ყველა ოცნებობს. შესაძლებელია თუ არა არსებობდეს ოჯახი კონფლიქტის გარეშე, თუ რა ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი და როგორ არის შესაძლებელი მისი თავიდან აცილება, ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგ ნათია ქავთარაძეს ვესაუბრეთ:
რომელი ოჯახური პრობლემაა ყველაზე ხშირი, რაც განქორწინებით მთავრდება?
ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს არაერთი კვლევა. უახლესი მონაცემების მიხედვით, განქორწინების მიზეზების თითქმის ნახევარი გრძნობის გაქრობას უკავშირდება. გამოკითხული განქორწინებული წყვილები მიუთითებენ სწორად ამ საკითხზე, რომ მათ აღარ აქვთ არანაირი გრძნობები პარტნიორის მიმართ. ასევე ძალიან ხშირია, და მე ვფიქრობ, რომ რეალურად მთავარი მიზეზია, კომუნიკაციის პრობლემები. როდესაც წყვილი ერთმანეთში აღარ საუბრობს, არ უზიარებს ერთმანეთს ემოციებს, აზრებს და მათი ურთიერთობა შემოიფარგლება მხოლოდ ყოველდღიური ზედაპირული თემებით, აქ შენდება ბარიერები, რაც ერთმანეთს აშორებთ და ურთიერთობას უქმნის საფრთხეს.
ოჯახში პრობლემის კონსტრუქციულად დარეგურილებას ხელს უშლის ერთ-ერთი მეუღლის დადანაშაულება კონფლიქტში, რასაც ხშირად აქვს ადგილი. შესაძლებელია ითქვას, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს მხოლოდ ერთი მხარეა დამნაშავე?
კონფლიქტი თავისთავად ნიშნავს ორი მხარის მონაწილეობას. შესაბამისად, ოჯახურ კონფლიქტში ორივე მხარეს თავისი როლი აქვს მორგებული. “დამნაშავის” სტატუსის მინიჭება ძალიან რთულია. რადგან, ერთის რაიმე არასასურველი ქცევის წინაპირობა შეიძლება იყოს მეორე პარტნიორის კონკრეტული ქცევა, დამოკიდებულება, რომელსაც თვითონ ვერ აცნობიერებს. ალბათ, ხშირად გაგვიგია მსგავსი ფრაზა: “ასეთი არ იყო, სანამ დავქორწინდებოდით” . თუმცა, არც ის იყო ისეთი, როგორიც ახლაა. ჩვენ, ჩვენივე ქცევით, ფიქრებით, დამოკიდებულებით, ჩვენივე არჩეული როლით საზოგადოებაში იქნება ეს თუ ოჯახში, სტატუსით, საკუთარ თავზე წარმოდგენით, შესაძლებელია გამოვიწვიოთ სხვისი ქცევა. ამის საფუძველზე კი წარმოიშვას კონფლიქტი. ამ შემთხვევაში ვინ იქნება “ დამნაშავე? “
ცნობილია შემთხვევები, როდესაც მშობლებს დიდი ზეგავლენა აქვთ უკვე ზრდასრულ შვილებზე და ყველანაირად ცდილობენ „დაეხმარონ“ მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში, რომ იპოვონ შესაფერისი პარტნიორი, მიუთითონ მათ რა და როგორ უნდა გააკეთონ, რაც კონფლიქტის და დაძაბულობის მიზეზი ხდება თაობებს შორის.
რა როლი აქვს მეუღლეთა მშობლებს ოჯახში კონფლიქტის წარმოშობაში?
იმხელა, რამხელა როლის მინიჭების უფლებასაც მისცემს წყვილი. ყველასთვის ცნობილია, რომ კოლექტივისტური კულტურის მქონე ქვეყანაში ვცხოვრობთ. სადაც, მიაჩნიათ რომ ოჯახურ პრობლემებს წყვეტენ წყვილის მშობლები, სანათესავო და ა.შ. რამდენადაც კარგია მხარდაჭერითი ურთიერთობები, შესაძლებელია საზიანო აღმოჩნდეს, როდესაც დარღვეულია პიროვნული საზღვრები. წყვილს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული ურთიერთობის ინტიმურობა, ყოველთვის დაიტოვონ საკუთარი სივრცე, რომელიც იქნება მხოლოდ მათი. რეალურად, გადასაჭრელი საკითხების მოგვარება მხოლოდ მათ შეუძლიათ, რადგან ისინი ქმნიან ამ დაბრკოლებებს. ამის გაცნობიერების შემთხვევაში მცირდება სხვების გავლენა წყვილის ურთიერთობებზე.
ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები უფრო ხშირად ინგრევა, რაც აიხსენება წყვილის ახალგაზრდული მაქსიმალიზმით. წყვილი ასაკის გამო ერთმანეთზე დამოკიდებულნი ხდებიან, რაც ბევრ ემოციას და დისკომფორტს წარმოშობს ამ ტვირთს კი ვერ უმკლავდებიან.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 27.7, ხოლო მამაკაცებისთვის 30.4 წელი შეადგინა, როგორ ფიქრობთ რომელი ასაკია იდეალური ოჯახის შექმნისთვის? აქვს თუ არა ბედნიერ ოჯახს მზა რეცეპტი?
– ქორწინებისთვის იდეალური ასაკი არ არსებობს. ისევ ჩვენი ინდივიდუალურობიდან და მრავალფეროვანი ბუნებიდან გამომდინარე. ძალიან პირობითი მეჩვენება ეს ციფრები. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი განვითარების, ემოციური მომწიფების ტემპი გვაქვს. რა თქმა უნდა, ვჯდებით კონკრეტულ ჩარჩოებში და ერთმანეთთანაც ბევრი რამ გვაქვს საერთო, მაგრამ ქორწინება არაა ის შემთხვევა, როდესაც ჯობს რაიმე სტანდარტში მოვთავსდეთ და რაიმე “ნორმა” გავითავისოთ. იდეალური ასაკი იქნება მაშინ, როდესაც ორივე მათგანს ექნება მენტალური და ემოციური მზაობა, ასევე, ურთიერთობაც იქნება შესაბამის ეტაპზე. რამდენადაც შეიძლება რაიმე რეცეპტში ამის მოთავსება, მე ვიტყოდი ასე: ოჯახი ბედნიერია მაშინ, როდესაც მისი წევრები, თითოეული მათგანი ბედნიერია, აქვს კმაყოფილების და მადლიერების განცდის უნარი. მნიშვნელოვანია თითოეული იყოს ინდივიდი, ჰქონდეს თავისი როლი ოჯახურ სისტემაში, უფლებები, შეეძლოს აზრის გამოხატვა და თავისი პიროვნების გამოვლენა იმის ღრმა რწმენით, რომ ის იქნება მიღებული.
ურთიერთობებში მთავარია მეუღლეებს ესმოდეთ ერთმანეთის, უსმენდნენ ერთმანეთს, პატივს სცენდნენ და აფასებდნენ როგორც საკუთარ თავს ასევე პარტნიორს ენდობოდნენ და უყვარდეთ ერთმანეთი.
რა რჩევას მისცემდით ახალდაქორწინებულებს?
– ახალდაქორწინებულებს ვურჩევდი, რომ მუდმივად იყვნენ პარტნიორის “მკვლევარები”. ყოველთვის მოძებნონ ერთმანეთში საინტერესო. არასდროს ეცადონ ერთმანეთის შეცვლას, ეს ალბათ, ყველაზე საზიანო რამაა, რაც შეიძლება გაუკეთო ადამიანს, თუმცა ხშირად ვერ ვაცნობიერებთ ამას. ჩვენთვის “კარგი” ვიღაცისთვის “ცუდია. შესაბამისად, მხოლოდ ჩვენი თვალებით ყურება ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს კონფლიქტის მიზეზი. მნიშვნელოვანია საკუთარი “ მე”-ს შენარჩუნება, თვითრეალიზაცია, ინტერესების, მიზნების და საქმის არსებობა. ამ დროს ადამიანის წარმოდგენა საკუთარ თავზე ბევრად მაღალია. ორი პიროვნება ერთმანეთის გვერდით უნდა დადგეს და არა ერთმანეთში “აითქვიფოს”. პარტნიორობაში აუცილებელია არსებობდეს ” მე” და არა მხოლოდ ” ჩვენ”.
თათია პაიჭაძე