„რა უნდა ნახო და სად წახვიდე თბილისსა და ქუთაისში“ – ამ სათაურით სტატიებს ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“ აქვეყნებს, რომელიც ნოემბერის თვეში ქართულ ბაზარზე შემოდის. მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია თბილისისა და ქუთაისის ღირსშესანიშნაობების შესახებ. ასევე ქალაქების საუკეთესო რესტორნებსა და კაფეებზე. სტატიაში მგზავრებს დედაქალაქის ისტორიული ძეგლების დათვალიერებას ურჩევს. კერძოდ ჩამონათვალშია:
სამების საკათედრო ტაძარი
ქართლის დედის ქანდაკება
რეზო გაბრიაძის თეატრის შენობაზე მდებარე საათი
მთაწმინდის პარკი
მშვიდობის ხიდი
“საქართველოს დედაქალაქი არის მომაჯადოებელი, თავისი ორნამენტული ხუროთმოძღვრებით, მდიდარი ისტორიითა და ღირსეული კულინარიით. მტკვრის ხეობაში განთავსებული თბილისი, გურმანებისთვის სამოთხეა“ – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
ქუთაისში კი ავიაკომპანიის ყურადღების ცენტრში მოხვდა:
ბაგრატის ტაძარი
სათაფლიის ნაკრძალი
გელათის მონასტერი
პრომეთეს მღვიმე
ქალაქის ცენტრალური ბაზარი
ავიაკომპანია „რაინეარი“ პირველ ეტაპზე თბილისიდან მილანსა და კიოლნში, ქუთაისიდან კი მარსელსა და ბოლონიაში იფრენს.