LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხურში მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გაიხსნება

112

სოფელ მუხურში მეფუტკრეობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გაიხსნება.

როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე სამეცნიერო ბაზის ინფრასტრუქტურის მოწყობა გასულ წელს დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მუხურში თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით აღჭურვილი კვლევითი ბაზა იქნება, რაც სპეციალისტებს ქართული ფუტკრის თვისებებზე ფართომასშტაბიანი კვლევების წარმოების საშუალებას მისცემს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად, საუკეთესო ბიოლოგიური მაჩვენებლების მქონე მეგრული პოპულაციის ფუტკრის ოჯახების მოძიება გახდა შესაძლებელი.

ამჟამად მიმდინარეობს მათი ჯიშობრივი გაწმენდა (სანაშენე მასალის წარმოება) და ახლო მომავალში, აღნიშნული ფუტკრის ოჯახები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელდება.

როგორც სამეცნიერო-კვლევით ცენტრში განმარტავენ, აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს ყვავილის სანექტრეში და იღებს თაფლისთვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს, რაცთაფლს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო სანაშენე ბაზის სარეაბილიტეციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილობრივი თვითმმართველობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები