LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფერავზე სუბსიდიის თანხა 20 თეთრი, რქაწითელზე კი 45 თეთრი იქნება

56

საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდიის თანხა 20 თეთრი, რქაწითელზე კი 45 თეთრი იქნება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს და პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით შარშანდელი მიდგომები შენარჩუნდა.

დანელიას განმარტებით, ყველაზე გამართლებული შარშანდელი პრაქტიკა აღმოჩნდა, სადაც ბენეფიციარი იღებს 15 დღის შემდეგ ანაზღაურებას სუბსიდიის ნაწილში.

”რქაწითელის” ნაწილში გვექნება 45-თეთრიანი სუბსიდირება, ხოლო “საფერავის” ყურძენზე 20-თეთრიანი სუბსიდირება. ველოდებით, დაახლოებით, 147 000 ტონა გადასამუშავებელ ყურძენს და საერთო ჯამში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ, შარშანდელთან შედარებით, წელს დაახლოებით, 2000-3000 ტონით მეტი მოსავალი  შეიძლება იყოს. აღნიშნული ასევე ითვალისწინებს ხელშეწყობას იმ ნაწილში, რომ მნიშვნელოვნადაა შემცირებული ღვინის საექსპორტო ღირებულება. იმის მიუხედავად, რომ ღვინის ექსპორტი 44%-ით არის გაზრდილი შარშანდელ ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით, 25%-ით არის შემცირებული ფასი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ საჭიროა სტიმული, თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენი თვითმიზანია გამოვიდეთ სუბსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების, ისე ექსპორტიორთა ინტერესების გათვალისწინება“ – განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, დაფინანსებულია 22 ყურძნის გადამამუშავებელი ახალი საწარმო და გაფართოვდა 40-ზე მეტი.

„მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მიმართულებით დავსახოთ პრიორიტეტული გეგმები – ეს გახლავთ ბრენდის განვითარებისა და ხელშეწყობის მიდგომა, რომელიც აღნიშნული სუბსიდირების ნაწილში გავითვალისწინეთ, ვინაიდან გვინდა ქართული ბრენდი კიდევ უფრო პოპულარული და კონკურენტუნარიანი იყოს ევროპულ ბაზარზე, ამიტომ აღნიშნული ტარიფები ითვალისწინებს საბრენდე სპირტის მიღების რენტაბელურ ტარიფებს“, – განაცხადა დანელიამ.

აღნიშნული ღონისძიებისთვის სამინისტროს ფარგლებში 25 მილიონი ლარია გამოყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები