LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ თქვენი მანქანა შავ კვამლს უშვებს, ქუჩაში გაგაჩერებენ და დაგაჯარიმებენ – საპილოტე პროექტი იწყება

3944
5817263ac990f

ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს, შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. 

თბილისი, რომელიც ისევ შავ კვამლში იხრჩობა - ჩავარდა თუ არა ტექინსპექტირების რეფორმა

გაძვირებული ავტონაწილები და შავი გამონაბოლქვი - ტექინსპექტირების შედეგები!

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს. ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით და გარემოს დაცვის სამინისტროს დავუკავშირდით.

სამინინისტროში ამ საკითხზე უშუალოდ მომუშავე მთავარ სახელმწიფო ინსპექტორს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ კონცეფცია რეკომენდაციების საფუძველზე მუშავდება. 

ნელი კორკოტაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: “ერთობლივი საპილოტე პროექტი პატრულის ზედამხვედველობით მოხდება, შევიძენთ სპეციალურ აპარატურას. ტექნიკის შესყიდვაზე უკვე დაიწყო ბაზრის კვლევა. საუბარია იმ ტექნიკაზე, რომლითაც გამონაბოლქვი უნდა გავზომოთ. ტექინსპექტირება მუშაობს, მაგრამ ვხედავთ, რომ მანქანები ქუჩაში მაინც ბოლავს.  პირველ ეტაპზე კონტროლის დაწყების საფუძველი იქნება, როცა დავინახავთ ვიზუალურად, რომ მანქანა ბოლავს, შემდეგ უკვე შეიძლება შერჩევითი წესით იყოს. 2020 წლიდან უკვე საპილოტე პროექტი დაიწყება თბილისში და შემდეგ რეგიონებზე გადავალთ. ასეთი გეგმა გვაქვს“.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამისთვის პირველ რიგში საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.

„დღევანდელი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევთა კოდექსი ჯარიმის ნაწილში დასაკორექტირებელია. საშემოდგომო სესიაზე წესით გავიტანთ და პარლამენტი ალბათ, მხარს დაგვიჭერს. ამის შემდეგ უკვე პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. შსს-ს დაინტერესებაც მაღალია. სამინისტროსთან ინტენსიური კომუნიკაციით შევთანხმდით, რომ აქტიურად ჩავერთვებოდით. რაც შეეხება სანქციას, ამაზე ვმუშაობთ. ჯარიმა ისეთი იქნება, რომ მას ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი. ანუ არ არ მიღირდეს, რომ ბოლავდეს და ასე ვიარო ქუჩაში. ვფიქრობთ, სანქცია ისეთი იყოს, რომ ავტომფლობელს მანქანით გადადგილების უფლება არ ჰქონდეს, ვიდრე მეორე ინსპექტირებას არ გაივლის”, – აცხადებს კორკოტაძე. 

რადიო „ფორტუნა“, ამ საკითხზე ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარესაც დაუკავშირდა , რომელმაც გვითხრა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ეს მხოლოდ ფურცელზე დაიწერება, თუ ტექნიკურად როგორ შესრულდება.

დავით მესხიშვილი: „ერთადერთი წამალი, რომ ავტომობილები აღარ ბოლავდეს, კანონის გზაზე აღსრულებაა და ეს მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია. მეორე საკთხია – ფურცელზე დაიწერება, რომ მოხდება დაჯარიმება, თუ ტექნიკურად როგორ შესრულდება. ეს ადვილი არ იქნება. როგორც ვიცი, დაახლოებით 3 ხელსაწყო იქნება გადაცემული საპატრულო პოლიციისთვის. ამიტომ ახალი ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს. ეს არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გზაზე მონტაჟდება, ის საპატრულო პოლიციას არ საჭიროებს. არ გჭირდება, რომ გაეკიდო, გააჩერო და ა. შ. შეუძლებელია პოლიციამ ყველაფერი აკონტროლოს, თამბაქოს მოწევიდან დაწყებული გამონაბოლქვით დამთავრებული. ჩვენი პოზიცია და რეკომენდაცია იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება“.

დავით მესხიშვილმა გვითხრა, რომ ისინი ამ საკითხის კვლევას მუდმივად აწარმოებენ და ეჭვი აქვთ, საწვავში მინარევებს ურევენ.

„ჩვენ გვექნება და ვაჩვენებთ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ ინსპექტირების დროს ტრანსპორტი არ ბოლავს, მაგრამ მერე ქუჩაში შავ კვამლს უშვებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება, როგორც ვიცი, ინსპექტირებისთვის ავტობუსების „აწყობა“ ხდება. ანუ ერთი რომ გაივლის ტექინსპექტირებას, მერე იმ ნაწილებით მეორეს აწყობენ და ა. შ. მთავარი პრობლემა აღსრულებაა“, – აცხადებს მესხიშვილი.

რაც შეეხება კანონპროექტს, მას გარემოს დაცვის სამინისტრო საშემოდგომო სესიაზე გაიტანს, მანქანების ქუჩაში გაჩერება კი 2020 წლიდან დაიწყება.