დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მოძრაობა აკრძალულია.
23 ივნისს 18:00 საათზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ134-კმ135 მონაკვეთზე, საშიშ ზონაში აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლარსის გამშვები პუნქტიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც თერგმა შეიცვალა მიმართულება და მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.
ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის, დაზიანებული ადგილების შესწავლა-შეფასება და შესაბამისი ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს. ხეობაში მუშაობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი.
გზის აღდგენითი სამუშაოები გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან სამუშაოების დაწყებაზე ნებართვის მიღებისთანავე დაიწყება.