LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხარისხო სამშენებლო მასალები ალერგიებს, გართულებებს და სიმსივნურ დაავადებებსაც კი იწვევს – ონკოლოგებისა და ექსპერტების დასკვნები

10778
lizenzfrei

ბინის შეძენისას ან აშენებისას მომხმარებელი, ძირითადად, ადგილმდებარეობით, ბინის ფასით, ხედებით, სართულით (თუ კორპუსია) და სხვა მსგავსი საკითხებით ინტერესდება. არადა, ამ სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის სამშენებლო მასალებია, კერძოდ, კი, არმატურა, ცემენტი, ასევე წყლისა და გაზის მილები, საღებავი, წებო ცემენტი და მელახი, რასაც ესა თუ ის კომპანია მშენებლობისას იყენებს.

„მშენებელთა ლიგის“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე ამბობს, რომ სამშენებლო სფეროს ყველაზე დიდი პრობლემა უხარისხო და უკონტროლო მასალებია. საკანდელიძემ განმარტა, რომ თუ არმატურა, ცემენტი, ასევე სარემონტო საშუალებები არ მოწმდება და საეჭვო წარმოშობისაა, ის საშიშ დაავადებებს იწვევს და ამის გამო მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპება.

სპეციალისტი აქცენტს ნივთიერება რადონზე აკეთებს და ამბობს, რომ ის დასავლეთში დიდი ხნის წინ შეისწავლეს, საქართველოში კი ყურადღებას არ აქცევენ.

„თუ შენობაში რადონის დონე მაღალია, უბრალოდ ალერგიებს ან სერიოზულ გართულებებს კი არა, მძიმე სიმსივნურ დაავადებებსაც იწვევს. ამიტომ მის დონეს სამშენებლო მასალებში განვითარებული ქვეყნები 20-30 წელია უკვე ამოწმებენ. საქართველოში დიდი ხნის მანძილზე გაურკვეველი ხარისხის სამშენებლო მასალები შემოდიოდა, რადგან ამ სფეროს არავინ ამოწმებდა. კონტროლი როგორც საბაჟოზე, ისე სავაჭრო ქსელებში მოშლილი იყო“, – აცხადებს საკანდელიძე.

უხარისხო სამშენებლო მასალებით გამოწვეულ სიმსივნურ დაავადებებზე რადიო „ფორტუნასთან“ თბილისის ონკოლოგიის ცენტრის დირექტორმაც ისაუბრა. ზურან რაინაული ზოგადად, კიბოს გამომწვევ მიზეზებზე ჩავწერეთ, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარცენოგენის შემცველი ნებისმიერი რამ, საკვები იქნება თუ დაბინძურებული ჰაერი, შესაძლოა, სიმსივნური დაავადებების განვითარების ხელშემწყობი იყოს. სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან სამშენებლო მასალებიც.

„უნდა შეამოწმოთ ის სამშენებლო მასალები, ლამინატი, ბეტონი, ავეჯი, რა გარემოშიც ცხოვრობთ. უნდა მოიკითხოთ, ხომ არ აქვს ქიმიური შემადგენლობის დამადასტურებელი საბუთი“, – ამბობს ზურან რაინაული.

ონკოლოგმა ერთი საინტერესო დეტალი ახსენა – ქიმიური შემადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. რამდენად აქვს ის ყველა სამშენებლო მასალას, რაც მსხვილ კომპანიებს შემოაქვთ სხვადასხვა ქვეყნიდან, ან რომელი ბრენდებია, ვინც ღიად უთითებს პროდუქციის შემადგენლობას ან თან ურთავს სერტიფიკატს, ამაზე რადიო „ფორტუნა“ ბაზრის მოკვლევას ჩაატარებს და ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

მანამდე კი, ჩვენ ამ ყველაფრის მაკონტროლებს ვესაუბრეთ. ხარისხის კონტროლის ამოქმედებაზე რადიო „ფორტუნამ“ თავის დროზე ვრცელი მასალაც მოამზადა (რეგლამენტი მიმდინარე წლის დასაწყისში ამოქმედდა), სადაც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილე ამბობდა, რომ ეს სფერო აქამდე დაურეგულირებელი იყო.

რამაზ ობოლაძის თქმით, პროდუქტის იმპორტირებისას, საბაჟო დეკლარირების დროს საბაჟოზე წარმოსადგენი იყო ინფორმაცია, მხოლოდ პროდუქციის წარმოშობის შესახებ.

რეგლამენტის ამოქმედებისა და მასალების კონტროლის დაწყების ერთ-ერთი ფაქტორი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, საქართველოს მიერ ნაკისრი, სამშენებლო პროდუქტის რეგულირების დაახლოების ვალდებულების ეტაპობრივი შესრულების დაწყება გახლავთ“, – განმარტავს ობოლაძე.

შგახსენებთ, რომ რეგლამენტი მხოლოდ ნახევარი წელია, რაც ამოქმედდა. ეს კი თავისუფლად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჯერჯერობით ბაზარი, კვლავაც გაჯერებულია უკონტროლო და გაურკვეველი ხარისხის სამშენებლო პროდუქციით. რადიო „ფორტუნა“ სპეციალისტებზე დაყრდნობით გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სამშენებლო მასალების ხარისხს მიაქციოთ.

კონკრეტულად, რომელი ბრენდების პროდუქციაა მაღალი ხარისხის, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ეტიკეტზე, როდესაც ამა თუ იმ მასალას, ელექტროგაყვანილობას ან წყლის მილებს ყიდულობთ, რა კითხვები უნდა დასვათ მათი შეძენისას და რა დეტალები უნდა გაითვალისწინოთ, ამას გადაცემა „ბიზნესნიუსიდან“ გაიგებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები