კოოპერატივი ”მარგი L”-ი თხილის საკმაოდ დიდ მოსავალს ელის. როგორც ”ფორტუნას” კოოპერატივის მმართველმა დირექტორმა, გიორგი ენუქიძემ განუცხადა, თხილის მოგროვება აგვისტოს ბოლოს დაიწყება. კოოპერატივში დაახლოებით, 10 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
”ჩვენი წარმოებული თხილის თითქმის 80 პროცენტი საექსპორტოა, ვინაიდან ადგილობრივ ბაზარზე თხილს თითქმის არავინ ყიდულობს. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ ქართულ კომპანიასთან, რომელსაც ჩვენი თხილი ექსპორტზე იტალიაში გააქვს. ერთი კილოგრამი პროდუქციის ღირებულება კი 1 დოლარია”, – აღნიშნა ენუქიძემ.
მისივე ინფორმაციით, ”მარგი L”-ი თხილის პლანტაციებს კახეთის რეგიონში ფლობს. როგორც კოოპერატივის მმართველმა დირექტორმა განმარტა, კახურ თხილზე უცხოეთში დიდი მოთხოვნაა. ”ჩვენი თხილი თავისი გემოვნური თვისებებით, შემადგენლობით, ხარისხით- ბევრად სჯობს მეგრულ, გურულ და თურქულ თხილს. შესაბამისად, მისი რეალიზაცია უცხოეთში არ ჭირს”, – განაცხადა ენუქიძემ.
მისი თქმით, გარდა თხილის მოსავლისა, კოოპერატივში 15-დან 20 ტონამდე ყურძნის მოსავალსაც ელიან. ამასთან, ”მარგი L”-ი ლაგოდეხის რაიონში აგროტურისტული სასტუმროს აშენებას გეგმავს, სადაც სულ მცირე ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმრო 10-ნომრიანი იქნება და ქალაქის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება სოფლის მეურნეობის სამუშაოებში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა, მშენებლობის დაწყება, როგორც ენუქიძე ამბობს, ბანკებზეა დამოკიდებული. თუ ”მარგი L”-ს სესხი არ დაუმტკიცდა, აგროტურისტული სასტურმოს მშენებლობა ვერ განხორციელდება.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე კოოპერატივ ”მარგი L”-ში 11 წევრია გაერთიანებული. კოოპერატივი ფლობს 8 ჰექტარზე გაშენებულ თხილის პლანტაციას, ასევე ვენახსა და სათბურს.