LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თარაშმა დაინახა, როგორ ჩაგრავდნენ გოგოს და გამოესარჩლა. მოკლეს… მკვლელი პრეზიდენტმა შეიწყალა…“

1429
ტარაშ მუკბანიანი

სოციალურ ქსელში გიორგი იმედაშვილი აქვეყნებს სტატუსს, სადაც ბათუმში მომხდარ ამბავს იხსენებს, ამბავს, რომელსაც პოლიციელი თარაშ მუკბანიანი შეეწირა. მისი მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძე, რომელსაც 12-წლიანი პატიმრობა უნდა მოეხადა, ოთხი წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ მარიამობას შეიწყალა. 

გთავაზობთ გიორგი იმედაშვილის პოსტს:

„მოკლედ გეტყვით ბათუმში მართლა მომხდარ ამბავს:

ერთი 22 წლის ბიჭი იყო ამ ქალაქში, პოლიციაში მუშაობდა, თარაში ერქვა და შვილებიც ჰყავდა უკვე.

სამსახურის მერე თარაშმა კლუბში დაინახა, ვიღაც ჩოილარები ერთ გოგოს როგორ ჩაგრავდნენ. შეეძლო არ ჩარეულიყო, მაგრამ ვერ მოითმინა და გამოესარჩლა.

ჰოდა, მოკლეს.

დღეს მკვლელი ჩვენმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა

12 წელი უნდა მჯდარიყო და მეოთხე წელს შეიწყალა.

იყო კიდე სხვა კაციც, ვაჟა სირაძე, რომელიც 20-ში, მკათათვეს, ჯერ პარლამენტარებს, ქალ ჟურნალისტებს და ოპერატორებს ყრიდა პარლამენტისვე შენობიდან, მერე კი მთელი ღამე როსტევანივით ამალით ნადირობდა თბილისის ქუჩებში ბავშვებზე.

ახლა საპატრულოს უფროსად დანიშნეს.

გახარიას პრემიერად ითხოვენ.

ჰე, მანდ ჰყავთ მაინც და დანიშნონ.

რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ” (მათე26:52).

ვისაც არ რცხვენია, ვისაც ესეთი საქართველო მოსწონს, ვისაც გული არ სტკივა, ის მტერია დღეს საქართველოსი, ოღონდ უბრალოდ, ამ სიტყვის კი არა, აი კონკრეტულად მშიერი ბავშვების და დაჩაგრული ქალების მტერია, კირით შეღებილი ილორის და აფეთქებული საყდრისის მტერია, კაფელიანი ყინწვისის და საბერძნეთში წასული დედის უნახავად გაზრდილი შვილების მტერია, შუაზე გაყოფილი ეზოების და იქით დარჩენილი საფლავების მტერია, დაუასჯელად ნაცემი ლეკვების და გადატრიალებისთვის დაჭერილი ბიოლოგების მტერია, საკუთარი ხელით დაშლილი სახლების და დათხრილი ხეების მტერია, გიგა ოთხოზორიას და გიორგი არწუხელიძის უმამო შვილების მტერია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები