LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში – საქართველო გმობს, მეგობარი ქვეყნები არ აღიარებენ

250
1557891320-0-26-3072-1754-600x0-80-0-0-e7d7fce97052fc1b8cc4e254564196a1

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.

მოქმედ ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან ერთად , კანდიდატებს შორის იყვნენ, “დეპუტატი“ ალმას ჯაპუა, პარტია „აკზაარას“ ლიდერი ლეონიზ ძიაპშპა, ყოფილი „ვიცეპრემიერი“ შამილ აძინბა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ოლეგ არშბა, უნივერსიტეტის პროფესორი არტურ ანქვაბი, ფინანსისტი ასტამურ კაკალია, პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია და „უშიშროების სამსახურის“ ყოფილი ხელმძღვანელი ასტამურ ტარბა.

მონაცემების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმათა 26,6%-ი მიიღო, ალხას კვიცინიამ – 24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ არშბამ 24,9%.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში 35 საარჩევნო ოლქი და 152 უბანი იყო გახსნილი. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა მაისში „ოპოზიციონერი კანდიდატის“ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, „ოპოზიციამ“ ე.წ. კენჭისყრის გადადება მოითხოვა. ბჟანიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის მოწამლეს. ეს რიგით მეშვიდე ე.წ. არჩევნებია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიმართა.

ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა და მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას უწოდებს.

„იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გამოეხმაურა.

სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნები“ ყველანაირ სამართლებრივ და დემოკრატიულ ნორმასა და სტანდარტს შეესაბამება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი არაფერი უთქვამს. ეს ისევ ის პროპაგანდისტული შტამპია, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში გააჩნია საქართველოს და მის მუდმივ ტირაჟირებას ახდენს. ერთადერთი, რაც ამ კონტექსტში შემიძლია ვთქვა, არჩევნები ყოველგვარ სამართლებრივ და დემოკრტაიულ ნორმებსა და სტანდარტებს შეესაბამება და მიმდინარეობს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა დაურ კოვემ.

მისივე თქმით, „არჩევნებს“ ესწრებიან დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის, გერმანიიდან. მისივე განცხადებით, პროცესები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობს, ადასტურებს, რომ „სახელმწიფო სამართლებრივ კალაპოტში ვითარდება“.

ე.წ არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ე.წ. აფხაზეთის მთავრობამ არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარა.

„დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“. საქართველო გმობს ამ ფიქტიურ პროცესს, როგორც ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის კიდევ ერთ შელახვას,” – წერია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს აზერბაიჯანი და ფინეთი არ აღიარებენ.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და არ აღიარებს აფხაზეთის რეგიონში 25 აგვისტოს ჩაარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და მის შედეგებს“, – წერია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ლეილა აბდულაევას „ტვიტერის“ გვერდზე.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს ლატვიაც. შესაბამისი განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერზე“ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

„ლატვია არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ეს პროცესი საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და არანაირი სამართლებრივი ეფექტი არ გააჩნია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ სრულ და მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“ – წერს რინკევიჩსი.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. უკრაინა არ აღიარებს აღნიშნულ ყალბ “არჩევნებს” და განიხილავს მათ, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, მოახდინოს პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების პატივისცემისკენ და განუხრელი შესრულებისკენ, აგრეთვე ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის “დამოუკიდებლობის” აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ,” – წერია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან. მეორე ტური მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები