LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარაო კონდინციონერის ნაცვლად – “მარშუტკის” მძღოლების ახალი ხრიკი თუ დაზიანებული სისტემა

777
69008729-483087732513609-1474537353040101376-n

ბოლო რამდენიმე წელია, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში გადაუჭრელ პრობლემად იქცა კონდინციონერების ჩართვა. მძღოლები და მგზავრები, როგორც წესი უშედეგო პოლემიკაში შედიან ერთმანეთთან და ამ კამათში, ტრადიციულად, უმრავლეს შემთხვევაში, ე.წ. “ყვითელი მარშუტკების” მძღოლები იმარჯვებენ – კონდინციონერს არ რთავენ.

მიუხედავად მგზავრების არაერთი უკმაყოფილებისა, მძღოლები მაინც თვითნებობენ, კომპანია კი ქმედითს არაფერს აკეთებს.

წელს კი მძღოლები “ყვითელ მარშუტკებში” გაუმართავ კონდინციონერებს უჩივიან და მგზავრებსაც  სწორედ ამ არგუმენტით ეუბნებიან ჩართვაზე უარს.

“ფორტუნამ” #34 სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა და კითხვაზე, რატომ არაა ჩართული კონდინციონერი დაახლეობით 15:00 საათზე, მაშინ როცა, ჰაერის ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს, მძღოლმა უპასუხა, რომ არ ჩართავდა. მიზეზი არ განუმარტავს. მას შემდეგ კი, რაც მძღოლმა გაიგო, რომ მისი სამარშრუტო ტაქსით ჟურნალისტი მგზავრობდა და ამ საუბრის გადაღებას გეგმავდა, ჩართო კონდინციონერი, თუმცა დაამატა, რომ ის ცხელ ჰაერს უბერავდა, რადგან იყო დაზიანებული, მისი შეკეთება კი კომპანიის ვალდებულება იყო, რომელიც ამას არ ასრულებდა.

მძღოლის განმარტებით, კონდინციონერი გაუმართავი თბილისში მოძრავ ყველა სამარშრუტო ტაქსშია და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულში.

მგზავრებს კი აქვთ ეჭვი, რომ მძღოლები ახალ ხრიკს მიმართავენ და კონდინციონერის ჩართვის ნაცვლად, ე.წ “ვენტილატორი” აქვთ ჩართული, მგზავრებს კი ეუბნებიან, რომ ცხელი ჰაერი იმიტომ უბერავს, რომ კონდინციონერი დაზიანებულია.

 

გასულ თვეში “თბილისის მიკროავტობუსმა” გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და ასევე მძღოლები სარგებლობენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს.

“მოგახსენებთ, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ ყველა მძღოლის მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანია იძულებული იქნება გამოიყენოს მკაცრი სანქციები ურჩი მძღოლების მიმართ, ასევე უმორჩილესად ვთხოვთ მომხმარებელს ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ დატოვოს შეტყობინება საინფორმაციო ცენტრის ნომერზე ☎ 2 200 340. მძღოლების ის ნაწილი რომელთა მიმართებაშიც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებულნი და არ გადაიხდიან იმ დღის გეგმიურ გადასახადს,” – ნათქვამია კომპანიის მიერ ივლისის თვეში გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს კი “ფორტუნა” მძღოლების განცხადების გადამოწმებას თავად კომპანიაში შეეცადა. როგორც “თბილისის მიკროავტობუსში” განაცხადეს, ყოველწლიურად კონდინციონერების შეკეთებისთვის კომპანია 700 ათას ლარს ხარჯავს, მძღოლების ეს განცხადება, კი, თითქოს კომპანია დაზიანებულ კონდინციონერებს არ აკეთებს, უსაფუძვლოა.

“კომპანის არც ვალდებულებაა, არც არსადაა გაწერილი და რადგან ძვირი ჯდება, ამიტომ კომპანია იღებს თავის თავზე. გასულ წელს მაგალითად მთელს ავტოპარკში 700 ათასი ლარი დაჯდა კონდინციონერის შეკეთება და ასე ხარჯავს ბოლო სამი წელია,” – აცხადებენ “თბილისის მიკროავტობუსში.