კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილის ორივე მიმართულების კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის დასრულების ვადა ოქტომბერი იყო და ეს ვადა არ გადაიწევს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილში დაიწყო და შვიდი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. პროექტის ფარგლებში აეროპორტისკენ მიმავალი ცენტრალური გზა სრულად უნდა მოწესრიგდეს. გზის სიგრძე დაახლოებით, 23 კილომეტრს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეო გრუპი“ ასრულებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიური და ტროტუარი. გზის სავალ ნაწილზე, ჯამში, 280 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის სამი ფენა დაიგება. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, გარე განათების ქსელი სრულად გამოიცვლება და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები დამონტაჟდება. პროექტი ასევე, ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს.
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 42 937 537 ლარი დაიხარჯება.