სოფელ გუგუტიანთკარში სამი ოჯახი, რომელთა სახლებიც უკანონოდ გავლებული მავთულხლართების მიღმა მოექცა, სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს.
ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახები სახელმწიფოსგან სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიღებენ, რომელთა დამუშავებასა და სურვილისამებრ გამოყენებასაც შეძლებენ. აგრეთვე, ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით მათ ფულადი თანხა გადაეცემათ. დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ მიწის ნაკვეთები და სახლები გორში, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს ომისა და გუგუტიანთკარში საკუთარი სახლების დაბომბვის შემდეგ ცხოვრობენ. ოჯახების ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრებს კი სახელმწიფო წამლებით უზრუნველყოფს. მათთვის უფასოდ პროფესიული გადამზადებაც იქნა შეთავაზებული.
რა ვითარებაა გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელში?
გუგუტიანთკარში რაზმაძეების ოჯახმა სახლის დემონტაჟი დაასრულა
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მათი ამოცანაა, რომ არა მხოლოდ ამ სამ ოჯახს, რომელსაც მავთულხლართების გავლების პროცესი უშუალოდ შეეხო, არამედ მთლიანად სოფელს, გუგუტიანთკარს და ყველა იმ სოფელს დაუდგნენ გვერდით, რომლებიც ციხელაშვილის თქმით, დღეს მავთულხლართებითაა გახლეჩილი.
ამ დროისთვის გუგუტიანთკარში ვითარება უცვლელია. სოფელში ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ოსი და რუსი ე.წ. მესაზღვრეები ადგილზე აღარ გამოჩენილან. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ადგილზე იმყოფებოდნენ ქართველი სამართალდამცველები.