LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაათავისუფლებენ თუ არა ვანო მერაბიშვილს?

73

ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად შერაცხვა არის პოლიტიკური სპეკულაცია და სახელმწიფო არ არის ვალდებული, ის ციხიდან გაათავისუფლოს, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, მანანა კობახიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვტილების თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ პატიმრობის გამოყენება კანონიერი იყო და არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, შესაბამისად,არ დაკმაყოფილდა მომჩივანის მოთხოვნა.

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით,  პატიმრობის უკანონოდ ცნობის თაობაზე მომჩივნის მოთხოვნაზე უარია ნათქვამი. ეს გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას მერაბიშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ამ დროისათვის ის იხდის სასჯელს, რომელსაც არ აქვს კავშირი წინასწარ პატიმრობასთან. პოლიტკური სპეკულაციაა, რომ თითქოს ის პოლიტპატიმარია და სახელმწიფომ უნდა გაათავისუფლოს, ეს არის ტყუილი და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილი, ეს გადაწყვეტილება არ ეხება მის ბრალეულობას” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

რაც ეხება სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მასზე ზეწოლის მოხდენის იარაღად იყო გამოყენებული, მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ამას არ ეთანხმება. მისი აზრით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს დასკვნა მერაბიშვილის იმ განცხადებებს ეფუძნება, სადაც ყოფილი პრემიერი საუბრობს, რომ ჩვენების მიცემის მიზნით, ის ციხიდან გამოიყვანეს. უმრავლესობის დეპუტატის თქმით, იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს დასკვნას გაასაჩივრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები