13 ივნისამდე, სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკების დახმარებით, ზოოლოგიურ პარკში, დამატებით 46 ცხოველი განთავსდება. ზაფხულსა და შემოდგომაზე თბილისის ზოოპარკი საჩუქრად კიდევ 55 ცხოველს მიიღებს.
სტიქიამდე ზოოლოგიური პარკის ტერიტორიაზე, სულ, 1155 ინდივიდი ბინადრობდა, მათ შორის იყო თევზები და ქვეწარმავლები. 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად კი, ცოცხალი კოლექციის დიდი ნაწილი განადგურდა, დაიღუპა 281 ცხოველი.
ამ დროისათვის, დასრულებულია დათვების, მგლების, მარტორქის, კეთილშობილი ირმების, კამერუნის თხებისა და ზებრების ვოლიერების აღდგენა-რეკონსტრუქცია. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პინგვინების ვოლიერსა და აუზს.
აშენდა პავიანების, ბერბერული მაკაკების, ლემურების, კენგურუების, ტაპირებისა და ემუების, მანგუსტებისა და მაჩვზღარბების, კოატების ვოლიერები. მოეწყო ბეჰემოთის ზამთრის ვოლიერი აუზითა და გათბობით, ორი ახალი აკვარიუმი ეგზოტარიუმში (9 ტონიანი და 4 ტონიანი).
სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ, ზოოპარკის ტერიტორიაზე სრულად არის აღდგენილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, პარკი შემოიღობა ლითონის ბადით (850 გრძივი მეტრი). აღდგა მწვანე საფარი, ვოლიერები, მოიხატა წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობები.
რაც შეეხება ახალი ზოოპარკის ტერიტორიას, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ მოეწყობა, აღნიშნული ადგილი უკვე შემოიღობა, აშენდა ძაღლსაშენი, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსდა დათვებისა და მგლების ახალი ვოლიერების მშენებლობა (120 000 ლარი), რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. GIZ-ის დაფინანსებითვე მოეწყობა ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერები ( 40 000 € ).
13 ივნისს ზოოპარკში შესვლა უფასო იქნება.