„ქართული ხმები“ „ოქროს ტალღაზე“ ორი სიმღერითაა წარმოდგენილი – „რაჭავ, ჩემო“ და „დავდივარ და დაგეძებ, ასევე ნომინანტია დათო არჩვაძის „გათენება მიხარია“. ბიჭებს ფოტოსესიის გადასაღებად შევხვდით და „ოქროს ტალღის“ შესახებაც დავუსვით შეკითხვები.
დათო არჩვაძე:
„დავდივარ და დაგეძებ“ ნანა მესხის სიმღერაა, ნუგზარ აფხაიძის სასწაული შესრულების შემდეგ გავბედეთ და ჩვენ ჩავწერეთ. ეს ჩააწერი იმით გამოირჩევა, რომ ცოცხალია ყველაფერი და ნამღერიც ბუნებრივია, ამიტომაც მივიდა ალბათ თქვენი მსმენელის გულამდე.
„რაჭავ ჩემო“ ჩემი მოგზაურობის შედეგია. იმ წელს სადაც ჩავედი, ყველა მხარეზე სიმღერა დავწერე (იცინის). მათ შორის, ქუთაისზე, ბათუმსა და რაჭაზე. მიხარია, რომ ჩემს ბიჭებს მოსწონთ ეს სიმღერა, მე ცოტა კრიტიკულად ვიყავი განწყობილი თავიდან. ლექსი ეკუთვნის დეკანოზ ზაზა კირვალიძეს. ვფიქრობ, ორიგინალური ტექსტია. დასასვენებლად გახლდათ რაჭაში და ექსპრომტად მიუძღვნა ლექსი თავის კუთხეს, რადგან თავად წარმოშობით რაჭიდანაა. პრემიერაც რაჭული იყო, ხუთი წლის შემდეგ ჩავწერეთ. გვიშველა ლეჩხუმელმა კაცმა, ზაზა ხუბუკელაშვილმა, რომელიც არანჟირების ავტორია. ყველას გაუკვირდება და დროზე ადრე გაგვიკეთა არანჟირება (იცინის).
ახლა კვარტეტი მუშაობს ძველი სიმღერების განახლებაზე. ნატო გელაშვილის „დილა მშვიდობისა“ განვაახლეთ და გული გვწყდება, რომ ვერ მოხვდა „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორის. ახლახან გამზადდა მედიკო კარტოზიას „წვიმდა“ ჩვენი შესრულებით და მალე პრემიერასაც შემოგთავაზებთ.
ჩემი სოლოსიმღერაც წარდგენილია – „გათენენა მიხარია“, ძალიან ოპტიმისტური სიმღერაა, ყველანაირი სევდისგან თავისუფალი.
„ოქროს ტალღაზე“ რას იტყვით?
ზურა ბაკურაძე:
„ოქროს ტალღა“ ძალიან დადებითი კონკურსია იმ თვალსაზრისით, რომ სტიმულია. ყველა მეგობრები ვართ, ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს, კონკურენციაც არის, თუმცა ყველას გამარჯვება და ახალი სიმღერა გვიხარია. შარშანაც გავხდით ლაურეატები, ორი სიმღერით, ძალიან დიდი სიხარული იყო ჩვენთვის. მოგვინდა, უფრო მეტი გაგვეკეთებინა. არა იმიტომ, რომ ვიღაცას მოვუგოთ, არამედ ჩვენს მსმენელს ვასიამოვნოთ. წარმატებას ვუსურვებთ ყველას!..
ფოტო: დათუნა აგასი
გადაღების ადგილი: რესტორანი „წისქვილი“