საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ეუთო-ს ანგარიშში გამოთქმული შენიშვნების გაზიარება და გათვალისწინება აუცილებელია. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსკიპერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიშველაძე გამოეხმაურა ეუთო-ს ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია საქართველოში წინასაარჩევნო გარემო.
„მისასალმებელია ეუთო-ს რეკომენდაცია გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მოსავლენად საქართველოში. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია გარკვეულ რისკებზე, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს როგორც საარჩევნო პროცესს, ასევე მთლიანად არჩევნებს. კერძოდ, საუბარია ძალადობრივი ფონის არსებობაზე, მედიაგარემოზე, გამახვილებულია ყურადღება ფარული ვიდეოების გამოქვეყნებაზე. ჩვენ ვიმეორებთ იმას, რაც არაერთხელ გვითქვამს, რომ არჩევნები არის დემოკრატიის ტესტი, რომელიც ჩასაბარებელი აქვს სახელმწიფოს“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი მხრიდან ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს. „ეუთო-ს დასკვნაში ასევე საუბარია საარჩევნო კანონმდებლობაზე, ცვლილებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წელიწადნახევრის წინ დაიწყო მცდელობა საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად და კრიტიკული მოთამაშეების თანხმობისთვის. ამ პროცესში ყველა პოლიტიკური ძალა ჩაერთო, გარდა „ქართული ოცნებისა“. რაც სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება იყო. ამ კონკრეტულ საკითხზე და ცვლილებების აუცილებლობაზე პრეზიდენტმა არაერთხელ ისაურა, მათ შორის საპარლამენტო გამოსვლებშიც“, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.