LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ეჭვობს, რომ მმართველ კოალიციაში არის მოძველბიჭო დაჯგუფება

122

პრეზიდენტი კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველი ორგანოებიდან არასათანადო რეაგირებით და სიჩუმით შეშფოთებულია, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “აჭარის” ეთერში ისაუბრა.

”კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული სიჩუმე, რომელიც მე მესმის სამართალდამცველი ორგანოებიდან და შესაბამისი სტრუქტურებიდან, რომლებსაც ამაზე სამაგალითო რეაქცია უნდა გაკეთებინათ, ეს უკვე დამაფიქრებელია. კორცხელი იყო რეპეტიცია 2016 წლის არჩევნების. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გამოწვევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და როგორც ქვეყანას, რომელიც დემოკრატიას აშენებს. ამ რეპეტიციის მიმართ სამაგალითო პოზიცია და რეაქცია უნდა ყოფილიყო. ასე რომ, ის ხმაური, რომელიც არის როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკოსებების მხრიდან, არის სრულიად ბუნებრივი, მაგრამ სიჩუმე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სამართალდამცველებისგან, არის არაბუნებრივი და შემაშფოთებელი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტი პროცესების დაკვირვების შედეგად ვარაუდობს, რომ გარკვეული „მოძველბიჭო“ დაჯგუფება „ასე უყურებს პოლიტიკას“.

”ეს თავქარიანი, მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელმაც წარმატებით გადმოიბარა ”ნაციონალური მოძრაობისგან” როგორც ”ზონდერული” პოლიტიკა, ასევე მთელი მექანიზმები, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა და რომელსაც ძალიან ნათელი უარი ვუთხარით ოთხი წლის წინ, ასე უყურებს პოლიტიკას და პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში. მათ ”ნაციონალების” მიერ შექმნილი რაღაცა ძალადობრივი სისტემა გადმოიფორმეს და ახლა ეს რაღაც დაჯგუფება საქართველოს სთავაზობს, რომ ასე წარმართავს პოლიტიკას. ძალიან ნათლად ქართულმა საზოგადოებამ ”ნაციონალურ მოძრაობას” სწორედ ამ ძალადობის გამო უარი უთხრა და გაუშვა ხელისუფლებიდან. არავის ეგონოს, რომ ისინი შეძლებენ იგივე მექანიზმებით თავს მოახვიონ საზოგადოებას რაიმე ტიპის გადაწყვეტილება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.