პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, „ეს ვეტო არის სრულიად განსხვავებული“.
„ეს ვეტო არის სრულიად განსხვავებული იმ თვალსაზრისით, რომ ვიდრე პრეზიდენტი “საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ” ორგანულ კანონს ვეტოს დაადებდა, მანამდე ეს კანონი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა. თქვენ იცით, რა სერიოზული ხმაური მოჰყვა „საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ“ კანონს, მათ შორის, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, ოპოზიციური პარტიებისგან და ა.შ. ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო 3 ძირითადი შენიშვნა, ხოლო დანარჩენზე – დადებითი რეცენზიები. ვენეციის კომისიის შენიშვნების გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრემიერის ადმინისტრაციას და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შედგა კონსულტაციები და შენიშვნები, რომელსაც პრეზიდენტი აგზავნის პარლამენტში, არის ერთგვარი კონსესუსის შედეგი. ვეტოების ჯაჭვს თუ გადავხედავთ, ეს პირველად მოხდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის შენიშვნები შეჯერებული ვარიანტით მოდის. მე ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ვეტოს დაძლევის არავითარი აუცილებლობა და საჭიროება არ არის, იმიტომაც გაკეთდა ეს ყველაფერი რომ უფრო ლეგიტიმური იყოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ“, – განაცხადა ძიძიგურმა.