LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი: „გვინდა, „ოქროს ტალღამ“ კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინოს…“

109

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი „ოქროს ტალღის“ გამარჯვებულები არიან. მათ „ევროვიზიისთვის“ შექმნილი სიმღერით „Waterfall“ წლის სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვეს და საუკეთესო დუეტადაც დასახელდნენ. ნოდიკოსა და სოფოს ფოტოსესიისთვის და „ოქროს ტალღაზე“ სასაუბროდ შევხვდით.

ნოდიკო:

არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მომღერლები ბევრ სიმღერას წერდნენ აქტიურად, შესაბამისად, ველოდით გამარჯვებას, თუმცა გაგვიხარდა, რომ ავიღეთ, როგორც წლის სიმღერის ნომინაცია, ასევე წლის დუეტიც ტომას ჯეისონის მიერ „ევროვიზიისთვის“ შექმნილი სიმღერით: „Waterfall“. გულწრფელად მიხარია, რომ გვაქვს ასეთი დაჯილდოვება. ის პრემია, რომელიც დაწესებულია, ფულად ჯილდოს ვგულისხმობ, არის გარკვეული სტიმული, რომ ახალი სიმღერა ჩაწერო, რომელიც მსმენელს მოეწონება.

ვფიქრობ, „ოქროს ტალღა“ სწორედ მომღერლების წახალისებას ემსახურება. ყველა შემსრულებელი, რომელიც ასე თუ ისე, აქტიურობს, ელის ამ ცერემონიას. ის, რაც კეთდება, საკმარისია, მაგრამ მე კიდევ უფრო მეტს ვისურვებდი. მინდა, სანახაობრივად დაიტვირთოს და მასშტაბი შეიძინოს.

მე და სოფოს ევროპაში კონცერტები გვქონდა, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მოთხოვნით, ლუქსემბურგის კონცერტის შემდეგ ჩამოვფრინდით თბილისში, დავესწარით ღონისძიებას, ავიღეთ ჯილდო და მეორე დღეს, პარიზში, კონცერტის ჩასატარებლად გავფრინდით, თან, ძალიან სავსეები ვიყავით. ეს ერთგვარი კონკურსია და მე მაქვს კონკურსების ჟინი, ამიტომ ყოველ წელს მინდა, მოვხვდე ნომინანტებს შორის.

ჩვენი გამარჯვების შემდეგ წელს გავიმარჯვე ნომინაციაში, „წლის პოპსიმღერა“. ახლაც წარდგენილი ვარ. ჩემს ინტერესშია, რომ ყოველ წელს რაღაც ახალი გავაკეთო. ზუსტად ვიცი, რომ ჩემ მიერ შექმნილი ყველა მუსიკალური პროდუქტი განაპირობებს ჩემს აქტუალურობას ამ სფეროში. აქტიურობა აუცილებელია, მომღერალი ხარ მაშინ, როცა ქმნი.

დღეს შოუბიზნესში რა ვითარებაა?

ძალიან ცუდ დღეში, თუმცა ჩემი საქმეც და ბიზნესიც ჩემი კარიერაა, ამით მაქვს შემოსავალი და ამით ვცხოვრობ. შემოსავალზე ნამდვილად არ ვწუწუნებ, რაც მაქვს, მაქვს და ისე ვახერხებ, რომ ჩემ თავსაც ვახმარ, ოჯახსაც და საქმესაც. რაღაც დოზით შოუბიზნესი არსებობს, მაგრამ მასობრივად ყველასთვის არა. ყველაზე მეტად გული იმის გამო მწყდება, რომ ხალხს არ აქვს ფული, რომ კონცერტზე მოვიდეს და ისიამოვნოს. ეს ჩვენი სფეროს განვითარებაზეც აისახება. ახლახან მე და დათუნა მგელაძეს თელავში გვქონდა კონცერტი, ბევრი ხალხი იყო, 10 ლარი ღირდა ბილეთი, მაგრამ ვიცი უამრავი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ამ თანხის გადახდაც კი…

სოფო გელოვანი:

„ოქროს ტალღა“ წამახალისებელია და მნიშვნელოვანიც გახლავთ. ყველა მომღერალს სჭირდება ერთგვარი სტიმული, რომ კარგი და ახალი შესთავაზო მსმენელს. ჩვენ ბევრ რამეს ვართ მოკლებული. ამ ღონისძიებაზე ერთმანეთსაც ვხვდებით და ესეც გვიხარია. მინდა, რომ „ოქროს ტალღამ“ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინოს.

ჩვენთვის ეს კონკურსი ძალიან სახალისო და სასიხარულო იყო. წელსაც წარდგენილი ვარ მარინა გოჩიტაშვილის სიმღერით, რომელიც ზვიად ბოლქვაძის ვერსიით ჩავწერე, გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე. წელსაც ველოდები „ოქროს ტალღას“ და იმედი მაქვს, ღირსეული გაიმარჯვებს.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: “კოპალა რიყე”

იხილეთ ფოტოგალერეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები