ანრი ჯოხაძემ სიმღერით „განა, ყველა ქალი ქალია?!“ „ოქროს ტალღის“ გამარჯვებულის ტიტული და პრიზი 5000 ლარის ოდენობით მოიპოვა. როცა მომღერალი სცენაზე მიიხმეს, სიხარულს ვერ მალავდა. ახლაც, ჩვენთან საუბრისას, აღნიშნა, რომ მისთვის ნომინანტად დასახელებაც და შემდეგ გამარჯვებაც, მოულოდნელი აღმოჩნდა.
ანრი ჯოხაძე:
ჯერ ნომინანტებში რომ ვნახე საკუთარი თავი, ძალიან მეამა. სიმართლეს გეტყვი, რომ არ ველოდი. ყველას ამბიციური ადამიანი ვგონივარ, მაგრამ ასე არ არის. სხვადასხვა დროს ბევრად კარგი სიმღერები შემისრულებია, მაგრამ ასეთი ყურადღება არ დაუმსახურებია. მელოდიაც ჩემია, არანჟირებაც და ტექსტიც… როცა გამოაცხადეს, რომ წლის საუკეთესო სიმღერად დასახელდა, სულელი ბავშვივით ვიდექი სცენაზე… რა ვილაპარაკე, ისიც არ მახსოვს… ძალიან კარგი შეგრძნება იყო.
„განა, ყველა ქალი ქალია“ იყო წლის ჰიტი. ეს ნამდვილად ასე იყო, მაგრამ როცა პროფესიონალი კოლეგები, რომლებიც ჟიურიში სხედან, გაღიარებენ, ძალიან სასიამოვნოა. რატომაც არა? უნდა წაგვახალისონ… ვისურვებდი, რომ „ოქროს ტალღა“ მიებას რომელიმე მსხვილ ტელეკომპანიას და პროპაგანდა გაუწიოს ქართულ სიმღერას. ამით კონკურსი უფრო მასობრივი გახდება და კიდევ უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს.
რაც შეეხება „ოქროს ტალღას“, სწორ რელსებზე დგას, რადგან რადიოჰოლდინგი ატარებს. იცი ხალხისა და პროფესიონალების აზრი შენ შესახებ. რა მოსწონს მასას, რა მოსწონთ მუსიკოსებს. გარკვეული ფულადი ჯილდოც გამარჯვებულისთვის დიდი სტიმულია. 5000 ლარი მშვენიერი თანხაა. მე ისევ ჩემს საქმეში დავაბანდე.
ახლა კი ჟიურის წევრიც ხარ… რა კრიტერიუმებით შეაფასებ ნომინანტებს?
შესაძლოა, არ იყოს ჰიტი, მაგრამ იყოს კარგი სიმღერა და მხარი დავუჭირო, თუმცა ჰიტსაც ვერ გაექცევი, რადგან რაც უნდა არ ჯდებოდეს შენს გემოვნებაში, მისი იგნორირება არ შეიძლება. ერთადერთი, რასაც ვებრძვი, ეს არის უხარისხო სიმღერა და ასეთს პირდაპირ დავასამარებ, რა დონის ჰიტიც უნდა იყოს…
ფოტო: დათუნა აგასი
გადაღების ადგილი: “კოპალა რიყე”