LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ზაქარეიშვილი:”მაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ისინი ამ საქმეს არ დახურავენ, არ მაიჩუმათებენ”

99

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ამასთან, სახელმწიფო მინისტრს  მოლოდინი აქვს, რომ აფხაზები ამ საქმეს „არ მაიჩუმათებენ და ეჭვმიტანილს არ გააპარებენ“. ზაქარეიშვილის განმარტებით, აღნიშნული საქმის ნებისმიერი განვითარება უფრო პოლიტიკური იქნება, ვიდრე სამართლებრივი, ამიტომ სჯობს, მკვლელის დასჯას თანამშრომლობის ფორმატში მივაღწიოთ, რისი ნიშნებიც ჩანს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ხნის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც ჩანს, ეს შეხვედრა კონსტრუქციული იყო. მე მხოლოდ სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემი სამინისტროს თანამშრომელთან, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. როცა ჩვენი დელეგაცია დაბრუნდება და პროტოკოლს ვნახავთ, იქ ყველა სიტყვა აიწონება და ანალიზის საშუალება მოგვეცემა. პირველი შემთხვევაა, როცა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე და ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია. ის, რომ ისინი ადასტურებენ და სერიოზულად უდგებიან ამ საკითხს, ანგარიშგასაწევია“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება იმას, დატოვა თუ არა მკვლელობაში ბრალდებულმა ოკუპირებული ტერიტორია ან დაკავებულია თუ არა ის, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს.

„აფხაზურ საზოგადოებაში ინფორმაციის წყაროს მატარებლები თვითონაც არ არიან კარგად ჩამოყალიბებული. დღევანდელ სხდომაზე ითქვა, რომ არ ადასტურებენ დაპატიმრებას, მაგრამ „არ ადასტურებენ“ და „არ დაპატიმრებულას“ შორის დიდი განსხვავებაა. ესაა, როცა ადამიანი ცდილობს რაღაც თქვას ისე, რომ ბოლომდე არ თქვას. ითქვა ასევე, რომ საქმე აღძრა ე.წ. სამხედრო პროკურატურამ და სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ IPRM-ის შეხვედრაზე. ანუ პასუხებში ჩანს გარკვეული გამოსავლის დატოვების მცდელობები. ყველაზე იოლი და უარესი ვარიანტი იქნებოდა იმის თქმა, რომ არ გამოიძიებენ ამას. ჩვენ ვხედავთ შუალედურ ვარიანტს, რომ ეძებენ გამოსავალს, რაც არ ყოფილა არასდროს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფარგლებში. ჩემი ინფორმაციის წყაროებიდან გამომდინარე, მაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ისინი ამ საქმეს არ დახურავენ, არ მაიჩუმათებენ, ეჭვმიტანილს არ დამალავენ და არ გააპარებენ – ეს განცდა მაქვს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები