საქართველოს წმინდა სინოდის სხდომაზე ხურჩაში მომხდარ ტრაგედიასა და კორცხელის ინციდენტზე ისაუბრეს, ამის შესახებ სინოდის სხომის ოქმშია ნათქვამი.
„2016 წლის 25 მაისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II და ქართველ ერს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა.
სინოდის სხდომაზე ასევე აღინიშნა ორი სამწუხარო შემთხვევა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. ეს არის აფხაზეთიდან დევნილი გალის რაიონის მკვიდრის გიორგი ოთხოზორიას საზარელი მკვლელობის ფაქტი სოფ. ხურჩაში. წმინდა სინოდი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ლოცულობს მისი სულისათვის. ასევე მწუხარება გამოითქვა სოფ. კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ. წმინდა სინოდი მოუწუდებს ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალას ურთიერთპატივისცემისა და სიმშვიდისაკენ,” – ნათქვამია ოქმში.