LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინოვაციური ქართული სტარტაპების მიერ შექმნილი პროდუქტების ნახვა 26 მაისს იქნება შესაძლებელი

84

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდი ეროვნული მუზეუმის წინ განთავსდება.

სტენდზე წარმოდგენილი იქნება ტექნოპარკის სტარტაპების მიერ ფაბლაბში დამზადებული ნივთები: ინოვაციური ავეჯი, სანათები და დინამიკები, ”პოპულუსის” ორიგინალური ჩანთები და აქსესუარები, Z4-ის ბზის ხისგან დამზადებული უნიკალური საათები, ბიზნეს ინკუბატორის სტარტაპის, ”თამაშობანას” მიერ შექმნილი თამაშები: ამის პატრონმა რა ქნას, ვისი სული გსურს, ორდროშობანა, გათვლები და სასირბილოთამაშობანა, პორტაბელური/საპიკნიკე ნარდი, ლოტო და ”თამაშობანა ზეიმი”.

26 მაისს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს სტენდის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ Samsung-ის პროგრამულ უზრუნველყოფებსა და სატესტო აპარატურას, რომლებიც სტარტაპებს ინოვაციურიპროდუქტების შექმნაში ეხმარება. სტენდთან შესაძლებელი იქნება საქართველოში დამზადებული ქართული ონლაინ თამაშების გამოცდაც, ხოლო მათ ვისაც აინტერესებთ თუ როგორ მზადდება პროტოტიპები 3D პრინტერების გამოყენებით, ტექნოპარკის დიზაინერები დაეხმარებიან სასურველი დიზაინის აწყობასა და დაბეჭდვაში.

სტენდზე ასევე წარმოდგენილი იქნება რობოტების დიზაინის, პროგრამირებისა და მართვისთვის განკუთვნილი პროგრამის ”LEGO  რობოტიქსის” სასწავლო კუთხე მისი შესწავლით დაინტერესებულთათვის.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით ბიზნესიდეების მისაღებად კონკურსი აპრილის თვეში ჩაატარა და შედეგად დღეს ტექნოპარკში 10-ზე მეტი სტარტაპი მუშაობს იმისთვის, რომ ინოვაციური იდეები კომერციულ პროექტად გარდაქმნას და საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს. ამ პროცესში ტექნოპარკის ბიზნესინკუბატორი სტარტაპებს სთავაზობს ექსპერტების მხარდაჭერას მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, პერსონალის მართვისა და სხვა მიმართულებებით, ეხმარება ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში, ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებასა და გლობალური მარკეტინგის წარმოებაში. სტარტაპების განკარგულებაშია სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია პროტოტიპების შესაქმნელად და მათთვის ხელმისაწვდომია საერთაშორისოკომპანიების – Intel-ის, HP-ის, Autodesk-ის, Samsung-ის, Cisco-ს და Epson-ის შოურუმები და ფუნქციური სივრცეები სატესტო აპარატურით.

აღსანიშნავია, რომ ტექნოპარკი აგრძელებს სტარტაპების მხარდაჭერას ორი პროგრამის მეშვეობით. ივნისიდან მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტარტაპების დაფინანსების 11 მილიონ ლარიანი სახელმწიფო პროგრამა ინოვაციური იდეის მქონე სტარტაპებს 15 000-დან 100 000 ლარამდე ოდენობის თანხით დააფინანსებს სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის მეშვეობით.

რაც შეეხება მეორე პროგრამას, „შექმენი საქართველოში“ პროექტის ფარგლებში სტარტაპები მიიღებენ 200-დან 1000 ლარამდე გრანტს პროდუქციისთვის საჭირო მასალის შესაძენად და დაენიშნებათ მენტორები ბიზნესიდეის დასახვეწად, ხოლო მზა პროდუქტის რეალიზაციაში ტექნოპარკი მათ გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებითა და პოტენციურ ინვესტორებთან დაკავშირებით შეუწყობს ხელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები