პედაგოგი ნინო მესხორაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რა არჩევანის წინაშე დააყენეს ის და მისი კოლეგები „დედაენის“ მოსწავლეებისთვის საჩუქრად გადაცემით.
გთავაზობთ მის სტატუსს:
„პირველკლასელებს „დედაენა“ საჩუქრად გადაეცემა, მაგრამ მასწავლებლებს აქვთ უფლება, სხვა, ალტერნატიული, სახელმძღვანელო შეარჩიონ!“ – ასე დაგვამშვიდეს „ზემოდან“
„კეთილი და პატიოსანი“ 🙂
დავუშვათ, ჩემი მოსწავლეებისთვის ვარჩიე არა ახალი, არამედ, აქამდე გამოცემული გრიფირებული „დედაენა“.
ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით?
ბავშვებმა ნაჩუქარი წიგნი თან უნდა ატარონ, თუ სახლში დავატოვებინოთ?
რა ვუპასუხოთ გაკვირვებულ მშობლებს, როცა გვკითხავენ:
„კი, მაგრამ „დედაენა“ ხომ გვაჩუქეს, კიდევ „დედა ენას“ რატომ გვაყიდინებო?“ (ორივეს ხომ არ აჩუქებენ?)
რაკი გვაქვს ნაჩუქარი სახელმძღვანელო, იძულებული ვიქნებით, ორივე გავიაროთ და დავუსვათ ხოლმე ბავშვებს კითხვები:
„აბა, ბავშვებო, ამ წიგნებს შორის იპოვეთ 20 განსხვავება“. (მათემატიკაში 20-ის ფარგლებში ანგარიშობენ და თან ინტეგრირებული გაკვეთილი გამოგვივა)
„ბავშვებო, რომელი „დედაენა“ უფრო მოგეწონათ და რატომ? პასუხი დაასაბუთეთ“
„რომელ რვეულში უფრო საინტერესო სავარჯიშოებია?“
„ნახატებზე რას იტყვით?“ და ა. შ.
წლის ბოლოს კი გაკვირვებული მასწავლებლები ერთმანეთს ჰკითხავენ:
„ვერ გავიგე, რა საჭირო იყო ეს ორი სათაური?“
- S. საქმე ის არის, რომ საჩუქარს მაინც თავისი გავლენა აქვს ყველგან და ყველაფერში“.