LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ხილის ჩაის ქართული ჩირით ამზადებენ

109

კომპანია GEO-FLOWER -ი გერმანიაში წლის განმავლობაში 200 ტონამდე ხილის ჩირს გაააგზავნის. როგორც ”ფორტუნას” კოპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა მინდია ხუციძემ განუცხადა,  ხილის ჩირზე მოთხოვნა სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც არის, თუმცა კომპანია ჯერჯერობით საჭირო რაოდენობის პროდუქციას ვერ აწარმოებს.

“გერმანიასთან 2000 წლიდან ვთანამშრომლობთ და რამდენიმე სახეობის ხილის ჩირს ვაგზავნით, საიდანაც ისინი უკვე ხილის ჩაის აწარმოებენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ექსპორტს, დაინტერესება არსებობს, თუმცა გერმანიის ბაზრის დაკმაყოფილებაც კი გვიჭირს რაოდენობრივად ამ ეტაპზე, ამიტომ თუ გაფართოვდა ჩვენი წარმოება, ბუნებრივია, ევროპის სხვა ქვეყნებსაც ავითვისებთ”, – აღნიშნა ხუციძემ.

მისივე ინფორმაციით,  GEO-FLOWER -ის პროდუქცია თითქმის 100%-ით საექსპორტოა და მისი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია არ ხორციელდება. ”ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელსაც  ჩვენს გამომშრალ ჩირს ვაწვდით ”ჩაი გურიელია”.  გურიელის ხილის ჩაი  სწორედ  ჩვენი გამომშრალი ჩირით მზადდება”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

როგორც მინდია ხუციძემ აღნიშნა,  კომპანია რამდენიმე სახეობის ხილს და მცენარეს აშრობს, ესენია: ასკილი, ვაშლი, მოცვი, ქაცვი, მსხალი და ჭინჭარი.  გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ GEO-FLOWER-მა სამკურნალო მცენარეების წარმოებაც დაიწყო და ამ მიმართულებით გაფართოებასაც გეგმავს.

ცნობისთვის, GEO-FLOWER-ი  როგორც ინდივიდუალური მეწარმე 2000 წლიდან არსებობს, 2007 წელს კი  უკვე შპს-დ დარეგისტრირდა. 2010 წელს კომპანიამ ამბროლაურში ხილის ჩირის საწარმო გახსნა, სადაც ამ ეტაპზე 60 ადამიანია დასაქმებული. ამასთან, GEO-FLOWER-ი ახალციხეში ჭინჭრის საშრობსაც ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები