LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოსახლეობა სიმსივნისგან განკურნებას ადრონული თერაპიით შეძლებს

155

სიმსივნის მკურნალობის უახლესი მეთოდის – ადრონული თერაპიის დანერგვა საქართველოში, თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში იგეგმება.

„ადრონული თერაპიის მეთოდი, დღესდღეობით არის ყველაზე ეფექტური სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ და ამაზე უფრო მეტად ეფექტური მკურნალობა დღეისათვის არ არსებობს“ – აღნიშნა რადიო ”ფორტუნასთან” საუბრისას მეცნიერებათა დოქტორმა, ბიოლოგმა, თსუ–ს, ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნონა ასათიანმა.

მისივე განმარტებით, სიმსივნური დაავადებების ადრონული თერაპიით მკურნალობა განსაკუთრებით ეხება ისეთი ლოკალიზაციის სიმსივნეებს, რომელთა მიმართ ქირურგიული ჩარევა ძნელი და თითქმის შეუძლებელია. ასევე მნიშვნელოვანია მეტასტაზების ნიველირებისათვის.

”მთვარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასხივების სამიზნე არის უშუალოდ სიმსივნე და არა სიმსივნის შემდგომი ქსოვილები და ორგანოები. ის ორგანოები და ქსოვილები, სადაც ამ მეთოდით მკურნალობის შემთხვევაში სხივი არ გაივლის, მაქსიმალურად დაცული და უვნებელი რჩებიან. ამ კუთხით განსხვავებულია მდგომარეობა ქიმიოთერაპიის დროს, რადგან ამ დროს ყველა ორგანო ქიმიური დასხივების ქვეშ ექცევა და გარკვეულწილად ზიანდება. ადრონული თერაპიის მეთოდი სწორედ სიმსივნის ირგვლივ მდებარე ქსოვილებისა და ორგანოების დაუზიანებლელ შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ამასთან, ადრონული თერაპიიდან ყველაზე უფრო დახვეწილი მეთოდია კარბონოთერაპია, ამ დროს, დასხივებისას ხდება სიმსივნური უჯრედის დნმ-ის ორმაგი სპირალის მრავალჯერადი წყვეტა და დნმ ვერ ასწრებს აღდგენას, რეგენერაციას – სწორედ ამაშია ამ მეთოდის უნიკალურობა” – განმარტა ნონა ასათიანმა.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა აღნიშნული მეთოდით მკურნალობა იმ პაციენტმა გააგრძელოს, რომელმაც უკვე ჩაიტარა სხვა, მაგალითად ქიმიოთერაპიის კურსი, ნონა ასათიანმა აღნიშნა, რომ ეს ალბათ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ექიმის გადასაწყვეტია იმის მიხედვით, რამდენად დააზიანა მკურნალობის სხვა მეთოდმა სიმსივნის ირგვლივ მდებარე ქსოვილები და ორგანოები.

მისივე თქმით, ადრონული თერაპიის მეთოდი, მეცნიერებაში ბოლო სიტყვაა, რომელიც ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია, თუმცა რამდენიმე ქვეყანაში უკვე აქტიურად გამოიყენება და არსებობს დადებითი შედეგების სტატისტიკაც. ნონა ასათიანის ინფორმაციითვე, ადრონული თერაპიის ცენტრები ფუნქციონირებს გერმანიაში, იაპონიაში, იტალიაში, ასევე იგეგმება კარბონული ტერაპიის ცენტრების მშენებლობა ამერიკაშიც. თუმცა, აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ კარბონული თერაპია სიმსივნური დაავადების მკურნალობის საკმაოდ ძვირადღირებული მეთოდია.

რაც შეეხება საქართველოში ადრონული თერაპიით მკურნალობის ღირებულებას, ამაზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.

ნონა ასათიანის ინფორმაციით, საქართველოში ექიმები არ ფლობენ ადრონული თერაპიის მეთოდით მკურნალობას, თუმცა უცხოელი სპეციალისტები მზად არიან, ქართველ სტუდენტებსა თუ კოლეგებს ამ მეთოდის შესახებ ცოდნა გაუზიარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები