LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადატვირთული საგზაო მოძრაობის საკითხებს კონფერენციაზე განიხილავენ

117

20 მაისს თბილისში, მულტიმედია განათლების ცენტრში გაიმართება კონფერენცია: „თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევები: დიალოგი ეფექტიანი პოლიტიკისათვის“.

კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და  მმართველობის ოფისის დირექტორი დეივიდ სტოუნჰილი და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და  მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე გახსნიან.

როგორც ”ფორტუნას”აშშ-ს ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან აცნობეს, კონფერენციაზე განხილული იქნება თბილისში გადატვირთული საგზაო მოძრაობის და საზოგადოებრივი  ტრანსპორტის ორგანიზების საკითხები, აგრეთვე, ქალაქში საგზაო უსაფრთხოების, ქაოტური მშენებლობებისა და მწვანე საფარის შემცირების კუთხით არსებული მდგომარეობა.

”კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს შორის თბილისის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის პროცესში. მიუხედავად ბოლო წლებში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებისა, საქართველოს დედაქალაქი კვლავაც რამდენიმე სისტემური პრობლემის წინაშე დგას: გადატვირთული საგზაო მოძრაობა, საგზაო შემთხვევები და მოუწესრიგებელი მოძრაობა, ქაოტური მშენებლობები, რომელსაც თან ახლავს მწვანე სივრცის შემცირება. ეს პრობლემები სერიოზულად აუარესებს თბილისში ცხოვრების სტანდარტებს, აფერხებს მისი მდგრადი განვითარების პერსპექტივებს, ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ჯანდაცვას და ქალაქის ეკონომიკას” – აცხადებენ ორგანიზატორები.

მოხსენებებით წარდგებიან შინაგან საქმეთა მინისტრისმოადგილე შალვა ხუციშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, აგრეთვე მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები. გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე კონკრეტულ რეკომენდაციებს წარადგენენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების – „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, „მწვანე ალტერნატივას“, „CRRC – საქართველოს“ და „თბილისის ტრამვაის“ -წარმომადგენლები.

დაგეგმილია შვედეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციის ექსპერტის და ფრანგული კომპანია „სისტრას“ ექსპერტის მოხსენებები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის საკრებულოს დეპუტატები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები