ბათუმში, გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო გაიხსნება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. სიმბოლური კაფსულა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ჩადო. პროექტ „ახალი ტალღის“ დეტალები მინისტრს შპს „სახლი ხეივანში“ დირექტორმა რამაზ მსახურაძემ გააცნო.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანია 1000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე 105-ნომრიან სასტუმროს, 300 საცხოვრებელ აპარტამენტს, კომერციული ფართებს, სპა ცენტრს, საზოგადოებრივ კვების ობიექტს (“ლაუნჯი”, ბარი, კაფე, ლუდის ბარი) და გასართობ ცენტრს (კინოთეატრი) განათავსებს.
აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 18 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება და შენობა 30 სართულიანი იქნება. მშენებლობაზე, ამ დროისთვის, 35 ადამიანია დასაქმებული, ეს რაოდენობა მშენებლობის პროცესში 100-მდე გაიზრდება. პროექტი ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა.
აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მალე აჭარაში კიდევ ორი პროექტის განხორციელება დაიწყება. საუაბრია, ჯამში, 300 ნორმიან სასტუმროზე. ორივე პროექტით რეგიონში არანაკლებ 22 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა. დაგეგმარების მიხედვით, ხეივანში არსებული 3 ჰა ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიწყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.
კონცეფციის მიხედვით, შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსებაა შესაძლებელი.
გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.