LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოვლითი რკინიგზის საკითხზე “საქართველოს რკინიგზა” თბილისის მერიის პოზიციას ელოდება

85

“საქართველოს რკინიგზის” კონსულტანტებმა  თბილისის შემოვლითი რკინიგზის სამივე ალტერნატივა განიხილეს და შედარებითი ანალიზი გააკეთეს.

როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ამ დროისთვის თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებას ელოდებიან, რათა მერიამაც გამოკვეთოს თავისი პრიორიტეტები.

”ჩვენ უნდა დავაბალანსოთ როგორც მუნიციპალიტეტის ინტერესები, ასევე რკინიგზის. არ იქნება სწორი თუ ვიტყვით, რომ მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს. ორივე შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონდეს პოზიტიური განწყობა პროექტის მიმართ”, – განაცხადა ბახტაძემ.

”საქართველოს რკინიგზამ” თბილისის მერიას შემოვლითი რკინიგზის სამი პროექტი შესთავაზა.  ერთ-ერთი თბილისის ცენტრალური სადგურის მთლიანად გადატანას გულისხმობს. მეორე პროექტის მიხედვით, რკინიგზას ნაწილობრივ გადაიტანენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თბილისის ფარგლებში, 70 ჰექტარზეა განთავსებული, დედაქალაქში აღარ იქნება და დარჩება უშუალოდ რკინიგზა, 13 ჰექტარზე. მესამე ვერსიით კი, მცირეოდენი ცვლილება შეეხება შემოვლით მიმართულებას და რკინიგზა ქალაქში მინიმალური დოზით დარჩება.

პროექტიდან ერთ-ერთს მერია მას შემდეგ შეარჩევს, რაც განაშენიანების გენერალური გეგმა მომზადდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები