არაბი ბიზნესმენები დუბაიში ქართული პროდუქციის ექსპორტით დაინტერესდნენ. როგორც დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებით მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ქართულმა მხარემ არაბ ბიზნესმენებს მწვანილის, ბოსტნეულის, ხილის, წვენების, ლიმონათების, მინერალური წყლის და საკვები პროდუქტების ექსპორტზე გატანის შესაძლებლობები შესთავაზეს.
,,ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად ვითარდება. ეს აისახება ინვესტიციებზე, ტურიზმსა და ვაჭრობაზე. მისასალმებელია საქართველოში ნაწარმოები პროდუქციით კონკრეტული არაბული კომპანიების მიერ დაინტერესება. ამ შემთხვევაში განიხილება არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის, საქართველოში დამზადებული წვენები, გაზიანი და მინერალური წყლები, ასევე საკვები პროდუქცია. არაბი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან საქართველოში წარმოებული მურაბებით, ჯემებით და ზოგადად, ქართული ხილით და ბოსტნეულით. მათ ყველა არსებული საწარმო ადგილზე დაათვალიერეს და საექსპორტო პოტენციალის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსგან კონკრეტული ინფორმაციაც მიიღეს”, – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, არაბი ბიზნესმენების შეხვედრები რამდენიმე ქართულ კომპანიასთან, მათ შორის, ”არომა პროდუქტთან”, ”კულასთან”, ”ზედაზენთან” , ”ჰერბიასთან” იმართება. ბიზნესმენები ასევე დაინტერესებულები არიან ქართული ბოსტნეულით და ხილით, მათ შორის, მოცვით, თაფლით. აინტერესებთ ცხვრის ექსპორტიც.
”ინტერესი საკმაოდ მრავალფეროვანია. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, ერთ პროდუქციაზე მოხდეს შეჯერება, რომელიც, ასე ვთქვათ, ექსპორტის ლოკომოტივი იქნება და შემდეგ მას სხვა პროდუქციაც მიებმება. ქართულ კომპანიებსაც ძალიან მაღალი ინტერესი აქვთ, რომ დუბაის ბაზარზე შევიდნენ”, – განმარტა ქეთევან ბოჭორიშვილმა.